„ბრძოლა თქვენი კი არ არის, არამედ ღვთის“!
„ბრძოლა თქვენი კი არ არის, არამედ ღვთის“!
მოგვითხრო გლენ ჰაუმ
უკანასკნელი ექვსი ათწლეულის მანძილზე კანადაში იეჰოვას მოწმეებს უამრავი იურიდიული ბრძოლა ჰქონდათ. მათი გამარჯვება იურიდიულ საზოგადოებას შეუმჩნეველი არ დარჩენია. იმ წვლილისთვის, რომელიც მე მიმიძღვის ზოგიერთ ამ ბრძოლაში, ახლახან ამერიკის ადვოკატთა კოლეგიამ ჯილდო გადმომცა მამაცური ადვოკატობისთვის. დაჯილდოების ცერემონიალზე აღნიშნული იყო, რომ სასამართლო პროცესებმა, რომლებშიც იეჰოვას მოწმეები მონაწილეობდნენ, „მნიშვნელოვანი საყრდენი აღმართეს სახელმწიფოს მიერ გარკვეული უფლებების დარღვევის წინააღმდეგ . . . ვინაიდან ამ სასამართლო პროცესების შედეგად შეიქმნა სამართლებრივად აღიარებული, არაპირდაპირი უფლებათა ბილი, რომელიც აღიარებდა და იცავდა ყოველი კანადელის თავისუფლებას“. ნება მომეცით დაწვრილებით მოგიყვეთ ზოგიერთი ამ სასამართლო საქმისა და იმის შესახებ, თუ როგორ გავხდი იურისტი და იეჰოვას მოწმე.
ჯორჯ რიკსი, ბიბლიის მკვლევარი, როგორც მაშინ უწოდებდნენ იეჰოვას მოწმეებს, 1924 წელს ჩემს მშობლებს ესტუმრა ტორონტოში (კანადა). დედაჩემმა, ბესი ჰაუმ, ერთი ციცქნა ქალმა, სახლში შეიპატიჟა სასაუბროდ. მაშინ მე ხუთი წლის ვიყავი, ჩემი ძმა, ჯო, კი სამის.
დედამ სულ მალე დაიწყო ბიბლიის მკვლევართა შეხვედრებზე დასწრება ტორონტოში. 1929 წელს პიონერი (სრული დროით მსახური) გახდა და 1969 წლამდე აგრძელებდა ამ მსახურებას, სანამ თავის მიწიერ ცხოვრებას დაასრულებდა. მისი გადაწყვეტილებით აღსავსე და დაუღალავი მსახურება ჩვენთვის კარგი მაგალითი იყო და ბევრსაც დაეხმარა ბიბლიური ჭეშმარიტების შეცნობაში.
მამაჩემი, ფრენკ ჰაუ, წყნარი კაცი იყო, რომელიც თავდაპირველად დედის რელიგიურ საქმიანობას ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ დედა გონივრულად მოქმედებდა და მიმომსვლელ მსახურებს, მაგალითად, ჯორჯ იანგს, ეპატიჟებოდა ხოლმე მამასთან სასაუბროდ. დროთა განმავლობაში მამა მოლბა. რადგან მამა ხედავდა, რომ მისი ოჯახის წევრებზე დადებითად მოქმედებდა ბიბლიური ჭეშმარიტება, თვითონაც დიდად გვიჭერდა მხარს, თუმცა მოწმე არასდროს გამხდარა.
გადაწყვეტილების მიღება, მემსახურა ღვთისთვის
1936 წელს საშუალო სკოლა დავამთავრე. მოზარდობისას არცთუ ისე ძალიან მაინტერესებდა სულიერი საკითხები. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შუა პერიოდში ვიყავით და სამუშაოს შოვნის თითქმის არავითარი პერსპექტივა არ ჩანდა. ამიტომ ტორონტოს უნივერსიტეტში მოვეწყვე. 1940 წელს გადავწყვიტე, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ამ გადაწყვეტილებას დედაჩემი არ გაუკვირვებია. როდესაც პატარა ვიყავი, ხშირად ამბობდა ხოლმე გაბრაზებით: „ეს პატარა მავნე ყველაფერზე კამათს შეძლებს! ალბათ, ადვოკატიც კი გამოვა ამისგან“!
1940 წლის 4 ივლისს, სწორედ მაშინ, როდესაც იურიდიულზე დავიწყე სწავლა, კანადის მთავრობამ გაფრთხილების გარეშე აკრძალა იეჰოვას მოწმეების საქმიანობა. ეს ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი იყო. როდესაც მთავრობა მთელი ძალით დაუპირისპირდა ამ უდანაშაულო პატარა ოგრანიზაციას, თავმდაბალ ხალხს, ამან დამარწმუნა, რომ იეჰოვას მოწმეები იესოს ნამდვილი მიმდევრები იყვნენ. მისი წინასწარმეტყველებისამებრ, ისინი ‘მოძულებულნი იყვნენ ყველა ერის მიერ [მისი] სახელის გამო’ მათე 24:9). გადავწყვიტე, მემსახურა იმ ღვთიური ძალისთვის, რომელიც ამ ორგანიზაციის უკან იდგა. 1941 წლის 10 თებერვალს იეჰოვა ღმერთისთვის თავის მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე.
(მაშინვე მინდოდა პიონერული მსახურების დაწყება, მაგრამ ჯეკ ნეითანმა, რომელიც იმხანად კანადაში სამქადაგებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდა, მირჩია, იურიდიულზე სწავლა დამემთავრებინა. ასეც მოვიქეცი და 1943 წლის მაისში დავამთავრე სასწავლებელი, რის შემდეგაც პიონერული მსახურება დავიწყე. აგვისტოში ქალაქ ტორონტოში არსებულ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალში სამუშაოდ მიმიწვიეს, რომ დახმარება გამეწია იმ იურიდიულ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები აწყდებოდნენ. მომდევნო თვეს ონტარიოში ბარისტერად (მაღალი რანგის ადვოკატი, რომელსაც ყველა სასამართლოში გამოსვლის უფლება აქვს) მაღიარეს.
კეთილი ცნობის კანონით დაცვა
მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. კანადაში კი იეჰოვას მოწმეების საქმიანობა კვლავ აკრძალული იყო. ქალებსა თუ მამაკაცებს მხოლოდ იმის გულისთვის აპატიმრებდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები იყვნენ. ბავშვებს სკოლიდან რიცხავდნენ, ზოგს კი უპატრონო ბავშვთა თავშესაფრებში აგზავნიდნენ. ეს ყველაფერი იმის გამო ხდებოდა, რომ ისინი უარს ამბობდნენ ისეთ ეროვნულ თაყვანისმცემლობებში მონაწილეობის მიღებაზე, როგორიც იყო დროშისთვის სალმის მიცემა და ეროვნული ჰიმნის მღერა. პროფესორმა უილიამ კაპლანმა, რომელმაც დაწერა წიგნი, სახელწოდებით „სახელმწიფო და ხსნა: იეჰოვას მოწმეები და მათი ბრძოლა სამოქალაქო უფლებებისთვის“, თქვა, რომ „მოწმეებს საჯაროდ ლანძღავდნენ; სახელმწიფოს მიერ მათ საქმეებში ჩარევისა თუ შეუწყნარებელი მთავრობის მხრიდან უშუალო თავდასხმების ობიექტებად იყვნენ ქცეული; მოქალაქეები აშკარად მტრულად ეპყრობოდნენ ომთან თუ პატრიოტიზმთან დაკავშირებული პოზიციის გამო“.
მოწმეები ცდილობდნენ, აკრძალვის მოხსნისთვის მიეღწიათ, მაგრამ უშედეგოდ. მოულოდნელად, 1943 წლის 14 ოქტომბერს, აკრძალვა გაუქმდა. მაგრამ მოწმეები კვლავ ციხეებსა და შრომა-გასწორების კოლონიებში იყვნენ, ბავშვებს მაინც არ იღებდნენ სკოლებში და „საგუშაგო კოშკის ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება“ და „ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაცია“, კორპორაცია, რომლის სახელზეც იყო გაფორმებული ტორონტოში არსებული ჩვენი ქონება, კვლავ აკრძალული იყო.
1943 წლის ბოლოს მე და პერსი ჩეპმენი, რომელიც კანადის ბეთელში მსახურობდა, ნეითან ნორთან, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელ პრეზიდენტთან, და ჰეიდენ კოვინგტონთან, საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტთან და იურისკონსულტთან, ნიუ-იორკში გავემგზავრეთ რჩევის მისაღებად. ძმა კოვინგტონს თავის პროფესიაში უდიდესი გამოცდილება ჰქონდა. მან შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში 45 აპელაციიდან 36 მოიგო.
თანდათან კანადელმა მოწმეებმა შვება იგრძნეს.
1944 წელს ტორონტოში არსებული საზოგადოების ფილიალის საკუთრება დაგვიბრუნეს და მათ, ვინც იქ მსახურობდა აკრძალვამდე, უკან დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ. 1945 წელს ონტარიოს პროვინციის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვები არ უნდა აეძულებინათ სხვადასხვა ცერემონიალსა და რიტუალში მონაწილეობის მისაღებად, რის გაკეთების ნებასაც მათ სინდისი არ რთავდა. სასამართლოს განკარგულებით სკოლიდან გარიცხული მოსწავლეები უნდა აღედგინათ. ბოლოს, 1946 წელს, კანადის მთავრობამ შრომა-გასწორების კოლონიიდან იეჰოვას ყველა მოწმე გაათავისუფლა. ძმა კოვინგტონის დახმარებით ასეთ საკითხებში მამაცურად, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, იეჰოვაზე მინდობით ბრძოლა ვისწავლე.კვებეკის ბრძოლა
თუმცა იეჰოვას მოწმეების რელიგიური თავისუფლება კანადის უმეტეს ნაწილში უკვე აღიარებული იყო, არსებობდა ერთი გამონაკლისი — კვებეკის ფრანგული კათოლიკური პროვინცია. ეს პროვინცია 300 წელზე მეტი ხნის მანძილზე რომის კათოლიკური ეკლესიის უშუალო კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. სკოლებს, საავადმყოფოებსა და დაწესებულებების უმრავლესობას სამღვდელოება ან მართავდა, ან აკონტროლებდა. კათოლიკე კარდინალის ტახტი კვებეკის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის სავარძლის გვერდითაც კი იდგა.
კვებეკის პრემიერ-მინისტრი და გენერალური პროკურორი, მორის დიუპლესი, დიქტატორი იყო, რომელიც, კვებეკელი ისტორიკოსის, ჟერარ პელტიეს, სიტყვების თანახმად, პროვინციას ტანჯავდა „სიცრუის ოცწლიანი ბატონობით, უსამართლობითა და კორუფციით, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, ვიწრო ინტერესების მქონე ადამიანების თარეშითა და უგუნურობის ტრიუმფით“. დიუპლესი პოლიტიკურ ძალას კათოლიკე კარდინალ ვილნევთან მჭიდრო თანამშრომლობით იმტკიცებდა.
40-იანი წლების დასაწყისში კვებეკში 300 მოწმე იყო. ჩემი ძმის, ჯოს, ჩათვლით კანადის სხვა რაიონებიდან აქ ბევრი პიონერად მსახურობდა. რადგან კვებეკში სამქადაგებლო საქმე გაიზარდა, ადგილობრივმა პოლიციამ სამღვდელოების ზეწოლით საპასუხო ზომები მიიღო — გამუდმებით აწუხებდა მოწმეებს დაპატიმრებებითა და ჩვენს რელიგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით ადგილობრივი კომერციული კანონების დამახინჯებული, არასწორი გამოყენებით.
ისე ხშირად დავდიოდი ტორონტოდან კვებეკში, რომ ბოლოს კვებეკში გადასვლა შემომთავაზეს, რათა დავხმარებოდი არამოწმე იურისტებს, რომლებიც ჩვენს და-ძმებს იცავდნენ. ჩემი საქმიანობა ყოველდღე იმით იწყებოდა, რომ გამეგო წინადღეს რამდენი დააპატიმრეს და სასწრაფოდ წავსულიყავი სასამართლოში, რათა თავდებით გამომეყვანა ისინი. საბედნიეროდ, შეძლებული მოწმე, ფრანკ რონკერელი, ბევრ ასეთ შემთხვევაში სათავდებო გირაოთი უზრუნველგვყოფდა.
1944—1946 წლებში ადგილობრივი წესების დარღვევის მომიზეზებით სასამართლო საქმეების რიცხვი 40-დან 800-მდე გაიზარდა! მოწმეებს არა მარტო სახელმწიფო მოხელეები აპატიმრებდნენ და აწუხებდნენ განუწყვეტლივ, არამედ კათოლიკე მღვდლების მიერ წაქეზებული გამძვინვარებული ბრბოებიც თავს ესხმოდნენ.
1946 წლის 2 და 3 ნოემბერს ამ კრიზისთან დაკავშირებით სპეციალური კონგრესი ჩატარდა მონრეალში. ძმა ნორმა წაიკითხა ბოლო მოხსენება, სათაურით „რა უნდა ვქნათ?“. დამსწრენი აღტაცებულნი იყვნენ პასუხის მოსმენით — მან ხმას აუწია და წაიკითხა ახლა უკვე ისტორიულად ქცეული დოკუმენტი „ღვთის, იესოსა და თავისუფლებისადმი კვებეკელთა ძლიერი სიძულვილი მთელ კანადას არცხვენს“. ეს იყო ოთხგვერდიანი ტრაქტატი, სადაც დეტალურად იყო ნამხილები იეჰოვას კვებეკელი მოწმეების წინააღმდეგ სამღვდელოების წაქეზებით მოწყობილი
არეულობების, პოლიციელთა სიმხეცის, დაპატიმრებისა და ბრბოს ძალადობის თარიღები, ადგილები და მონაწილეთა სახელები. ამ ტრაქტატის გავრცელება მთელ კანადაში 12 დღის შემდეგ დაიწყო.დიუპლესმა რამდენიმე დღის შემდეგ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ „შეუბრალებელი ომი“ საჯაროდ გამოაცხადა. მაგრამ თავისდა უნებურად ჩვენს სასარგებლოდ მოიქცა. ეს როგორ? ბრძანების გაცემით, რომ ვინც ტრაქტატის „კვებეკელთა ძლიერი სიძულვილის“ გავრცელებაში მიიღებდა მონაწილეობას, მთავრობის საწინააღმდეგო ქმედებაში — ძალიან სერიოზულ დანაშაულში — დაედებოდა ბრალი. ეს კი კვებეკის სასამართლოდან კანადის უზენაეს სასამართლოსკენ გვიხსნიდა გზას. გააფთრებული დიუპლესი არც კი დაფიქრებულა, რომ ასეთი შედეგები მოჰყვებოდა მის ქმედებას. შემდეგ მან პირადად ბრძანა, გაეუქმებინათ სპირტიან სასმელებზე ფრანკ რონკერელის ლიცენზია, რომელიც ხშირად უზრუნველგვყოფდა სათავდებო გირაოსთვის საჭირო სახსრებით. ძმა რონკერელის შესანიშნავი რესტორანი, რომელიც ღვინის გარეშე დარჩა, რამდენიმე თვეში დაიკეტა, ძმა კი გაკოტრდა.
დაპატიმრებები გახშირდა. ნაცვლად 800-ისა, მალე 1 600 სასამართლო საქმის წინაშე აღმოვჩნდით. ბევრი ადვოკატი და მოსამართლე ჩიოდა, რომ იეჰოვას მოწმეების ეს ყველა სასამართლო ტვირთად აწვებოდა და ხელს უშლიდა კვებეკის სასამართლოს. ამაზე პასუხად ჩვენ ადვილი გამოსავალი შევთავაზეთ: პოლიციას ქრისტიანების მაგივრად კრიმინალები დაეპატიმრებინა. ეს კი მართლაც მოაგვარებდა ამ პრობლემას!
ორი გაბედული ებრაელი ადვოკატი, მონრეალელი ალბერტ სტაინი და კვებეკელი სამ ბარდი, ბევრ სასამართლო პროცესზე დაგვეხმარა, განსაკუთრებით კი მანამ, სანამ კვებეკის ადვოკატურაში 1949 წელს ბარისტერად მაღიარებდნენ. პიერ ელიოტ ტრიუდომ, მოგვიანებით კანადის პრემიერ მინისტრმა, დაწერა, რომ იეჰოვას მოწმეებს კვებეკში „დასცინოდნენ, დევნიდნენ და მთელ საზოგადოებას სძულდა ისინი; მაგრამ ისინი ახერხებდნენ კანონიერი საშუალებებით ეკლესიის, მთავრობის, ერის, პოლიციისა და საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ ბრძოლას“.
კვებეკის სასამართლოების პოზიცია კარგად აისახა ჩემი ძმის ჯოსადმი დამოკიდებულებაში. მას მშვიდობის დარღვევაში სდებდნენ ბრალს. მოსამართლე ჟან მერსიემ, ჯოს მაქსიმალური სასჯელი, 60 დღე ციხე, მიუსაჯა. ბოლოს კონტროლი დაკარგა და წამოიყვირა, რომ ისურვებდა, მუდმივი პატიმრობა მიესაჯა ჯოსთვის.
ერთ-ერთი გაზეთი იუწყებოდა, რომ მერსიემ კვებეკის პოლიციას უბრძანა, „დანახვისთანავე დაეპატიმრებინათ ყოველი, ვისზეც იცოდნენ ან ეჭვი ჰქონდათ, რომ იეჰოვას მოწმე იყო“. ასეთმა ქცევამ მხოლოდ გაამართლა ჩვენს ტრაქტატში აღწერილი ბრალდებათა ჭეშმარიტება. კვებეკის გარეთ იმ ხანად გამომავალი გაზეთების სტატიების ზოგიერთი ტიპობრივი სათაური ასეთი იყო: „კვებეკში შუა საუკუნეები ბრუნდება“(„ტორონტო სტარი“), „ინკვიზიციის დაბრუნება“ („გლოუბ ენდ მეილი“, ტორონტო), „ფაშიზმის სიმყრალე“ („გეზეტ“, გლეისბეი, ახალი შოტლანდია).
ანტისამთავრობო ქმედებაში დადანაშაულება
1947 წელს მისტერ სტაინს დავეხმარე ჩვენს პირველ ისეთ სასამართლოზე, სადაც ანტისამთავრობო პროპაგანდაში სდებდნენ ბრალს ემე ბუშეს. ემეს თავის სახლთან რამდენიმე ტრაქტატი ჰქონდა გავრცელებული. ემეს სასამართლო პროცესზე ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ტრაქტატი „კვებეკელთა ძლიერი სიძულვილი“ სიცრუეს კი არ შეიცავდა, არამედ დაუფარავად ამხელდა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ჩადენილ სიმხეცეს. ჩვენ ავუხსენით, რომ არასდროს არც ერთი ბრალდება არ წაუყენებიათ მათ წინააღმდეგ, ვინც ამ სიმხეცეს სჩადიოდა. ემე, უბრალოდ,
ამ მხეცობის საჯაროდ გაცხადების გულისთვის დააპატიმრეს. სასამართლოს პოზიცია, ძირითადად, ასეთი იყო: ჭეშმარიტების თქმა ბოროტმოქმედებაა!კვებეკის სასამართლოები ეყრდნობოდნენ „ანტისამთავრობო ქმედების“ 350 წლის წინანდელ ბუნდოვან განმარტებას, რომლის თანახმადაც ნებისმიერს, ვინც მთავრობას გააკრიტიკებდა, ბოროტმოქმედებაში დაედებოდა ბრალი. დიუპლესიც ამ განმარტებას ეყრდნობოდა და თავისი რეჟიმისადმი კრიტიკის ჩახშობა ჰქონდა განზრახული. მაგრამ 1950 წელს კანადის უზენაესმა სასამართლომ მიიღო ჩვენი საჩივარი იმის თაობაზე, რომ, დღევანდელი დემოკრატიული გაგების თანახმად, „ანტისამთავრობო ქმედებად“ მიჩნეულ უნდა იქნეს ძალადობისკენ ან სახელმწიფოსადმი დაუმორჩილებლობისკენ წაქეზება. ტრაქტატი „კვებეკელთა ძლიერი სიძულვილი“ არ შეიცავდა ასეთ წაქეზებას და, მაშასადამე, სიტყვის თავისუფლების კანონიერი ფორმა იყო. ამ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით 123 სარჩელი, რომლებშიც ანტისამთავრობო ქმედებაში ედებოდათ მოწმეებს ბრალი, უგულებელყოფილ იქნა! საკუთარი თვალით დავინახე, როგორ გაგვამარჯვებინა იეჰოვამ.
ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლა
ქალაქ კვებეკში მოქმედებდა ადგილობრივი კანონი, რომლის თანახმადაც იკრძალებოდა ლიტერატურის გავრცელება, თუ პოლიციის უფროსის მიერ არ იყო ნებადართული. ეს იყო პირდაპირი ცენზურა და რელიგიური თავისუფლების დარღვევა. ლორიე სომუერი, რომელიც მაშინ მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა, ამ ადგილობრივი კანონის მიხედვით სამი თვით ჩასვეს ციხეში, სადაც კიდევ სხვა მრავალი ბრალდება წაუყენეს.
1947 წელს სამოქალაქო სასამართლო საქმე იქნა აღძრული ძმა სომუერის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქ კვებეკში მოქმედი ადგილობრივი კანონი იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ არ გამოყენებულიყო. კვებეკის სასამართლოებმა ჩვენ წინააღმდეგ მიიღეს გადაწყვეტილება და კვლავ კანადის უზენაეს სასამართლოში შევიტანეთ აპელაცია. 1953 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც შვიდი დღის განმავლობაში სასამართლოს ცხრავე მოსამართლე ისმენდა ამ საქმეს, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა. სასამართლომ აღიარა, რომ ბეჭდვითი სიტყვით ბიბლიის მოძღვრების საჯაროდ გავრცელება იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული თაყვანისმცემლობის ძირითადი ნაწილია და შესაბამისად ცენზურისგან კონსტიტუციით არის დაცული.
„ბუშეს“ სასამართლო საქმემ დაადგინა, რომ რასაც იეჰოვას მოწმეები ამბობდნენ, კანონიერი იყო; „სომუერის“ სასამართლოზე მიღებული გადაწყვეტილება კი ადგენდა, როგორ და სად უნდა ელაპარაკათ მათ. „სომუერის“ სასამართლო საქმეში გამარჯვებამ კვებეკში ანტისამთავრობო ქმედებასთან დაკავშირებული 1 100-ზე მეტი ბრალდების გაუქმება გამოიწვია. სამხილის არარსებობის გამო 500-ზე მეტი ბრალდება იქნა გაუქმებული მონრეალშიც. მალე ყველა ბრალდება გაუქმებულ იქნა — კვებეკში ყველა სასამართლო საქმე წარსულს ჩაჰბარდა!
დიუპლესის ბოლო გაბრძოლება
რადგან იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ კანონის საშუალებით აღარ შეეძლო ბრძოლა, 1954 წლის იანვრის დასაწყისში დიუპლესმა საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად გადასცა ახალი კანონი — ბილი №38, რომელსაც მასმედია აღწერდა, როგორც „იეჰოვას მოწმეთა საწინააღმდეგო კანონს“. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ეჭვს შეიტანდა იმაში, რომ რომელიმე ადამიანს რამე „შეურაცხმყოფელის“ თქმა ჰქონდა განზრახული, მის წინააღმდეგ ყოველგვარი სამხილის გარეშე შეეძლო საჩივრის აღძვრა. როგორც იუსტიციის მინისტრსა და გენერალურ პროკურორს, დიუპლესს შეეძლო სასამართლო აკრძალვისთვის მიეღწია, რომ ბრალდებულისთვის საერთოდ აეკრძალათ საჯაროდ ნებისმიერი განცხადების გაკეთება. ერთხელ ერთი მოქალაქის მიმართ ასეთი სასამართლო აკრძალვა იქნა გაცემული, შესაბამისად, იმ ეკლესიის მრევლსაც, რომელსაც ეს ადამიანი ეკუთვნოდა, ლაპარაკი აუკრძალეს. გარდა ამისა, ბიბლიები და რელიგიური ლიტერატურა, რომელიც ამ ეკლესიას ეკუთვნოდა, უნდა ჩამოერთმიათ და გაენადგურებინათ; თაყვანისმცემლობის ყველა ადგილი კი სასამართლო განაჩენის გამოტანამდე, რომელიც შეიძლება წლების მანძილზე გაგრძელებულიყო, უნდა დაკეტილიყო.
ბილი №38 XV საუკუნეში ესპანელი ინკვიზიტორის, ტორკემადას, დროს დადგენილ კანონს იმეორებდა. ბრალდებულმა და მთელმა მისმა თანამზრახველებმა დაკარგეს ყველა სამოქალაქო უფლება, ყოველგვარი კანონსაწინააღმდეგო ქმედების დამამტკიცებელი საბუთის გარეშე. პრესა იტყობინებოდა, რომ 38-ე ბილის თანახმად კვებეკის პროვინციის პოლიციას მიცემული ჰქონდა დავალება, დაეკეტა იეჰოვას მოწმეთა ყველა სამეფო დარბაზი, ხელთ ეგდო და გაენადგურებინა მათი ბიბლიები და სხვა ლიტერატურა. ამ საშინელი მუქარის გამო, იეჰოვას მოწმეებმა
მთელი თავიანთი რელიგიური ლიტერატურა გაიტანეს პროვინციიდან. სამქადაგებლო საქმიანობას კი მაინც განაგრძობდნენ, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ბიბლიის პირადი ეგზემპლარების გამოყეენებით.ამ ბილის თანახმად კანონი 1954 წლის 28 იანვარს შევიდა ძალაში. 29 იანვარს დილის ცხრა საათზე სასამართლოს კართან ვიყავი იეჰოვას კვებეკელი მოწმეების ინტერესიდან გამომდინარე საჩივრის შესატანად, რომ ამ კანონის უვადო სასამართლო აკრძალვა მოეხდინათ, სანამ დიუპლესი მის გამოყენებას მოასწრებდა. მოსამართლე დროებით სასამართლო აკრძალვას არ დაეთანხმა, რადგან ბილი №38 ჯერ არ იყო გამოყენებული. მაგრამ მითხრა, რომ, თუ მთავრობა მის გამოყენებას მიმართავდა, მასთან მივსულიყავი დაცვისთვის. ამგვარად, მოსამართლის მოქმედებას ისეთივე შედეგები ჰქონდა, როგორც დროებით აკრძალვას, რადგან დიუპლესს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ, უბრალოდ, შეეცდებოდა ამ კანონის გამოყენებას, შეაჩერებდნენ!
მომდევნო კვირას ველოდით, იმოქმედებდა თუ არა პოლიცია ამ კანონის მიხედვით. არაფერი მომხდარა! იმისათვის, რომ გამეგო, თუ რაში იყო საქმე, გადავწყვიტე, პატარა გამოცდა მომეწყო. ორი პიონერი და, ვიქტორია და ჰელენ დეგალიუკები, ლიტერატურით კარდაკარ საქადაგებლად წავიდნენ ქალაქ ტრუა-რივიერში, დიუპლესის მშობლიურ ქალაქში. ამას კვლავ არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია. სანამ დები ქადაგებდნენ, ლორიე სომუერი გავგზავნე პროვინციული პოლიციისთვის დასარეკად. მან თავის წარდგენის გარეშე შეატყობინა, რომ იეჰოვას მოწმეები ქადაგებდნენ და დაიჩივლა, რომ პოლიცია კი დიუპლესის ახალ კანონს პრაქტიკაში არ ატარებდა.
ოფიცერი უხალისოდ გამოეხმაურა: „დიახ, ვიცით, რომ კანონი იქნა მიღებული, მაგრამ მომდევნო დღეს იეჰოვას მოწმეებმა ამ კანონის სასამართლო აკრძალვა მოიპოვეს, ასე რომ, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია“. ჩვენ დაუყოვნებლივ შემოვიტანეთ უკან ჩვენი ლიტერატურა პროვინციაში და ათი წლის განმავლობაში, როდესაც უფრო ზემდგომი სასამართლოები აპელაციას განიხილავდნენ, ჩვენმა სამქადაგებლო საქმიანობამ წარმატებით წაიწია წინ.
გარდა იმისა, რომ სასამართლო აკრძალვა გვსურდა, ვცდილობდით, ბილი №38 არაკონსტიტუციურად ეცნოთ. იმის დასამტკიცებლად, რომ ეს კანონი სწორედ იეჰოვას მოწმეების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული, გაბედული ნაბიჯის გადადგმა გადავწყვიტეთ — გაგვეგზავნა დიუპლესისთვის უწყება მოთხოვნით, რომ დასწრებოდა სასამართლოს და ჩვენება მიეცა. ორსაათ-ნახევრის განმავლობაში ვატარებდი მასთან ჯვარედინ დაკითხვას. რამდენჯერმე გავახსენე მისი სახალხო განაცხადი „იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ შეუბრალებელი ომის“ შესახებ და მისი განცხადება, რომ ბილი №38 იეჰოვას მოწმეთა აღსასრული იქნებოდა კვებეკში. გაცოფებულმა პირადად ჩემზე მოიტანა იერიში: „შენ ძალიან თავხედი ახალგაზრდა ხარ!“.
„ბატონო დიუპლეს, — ვუპასუხე მე, — პიროვნულობაზე რომ ვსაუბრობდეთ, მეც კი შემეძლო თქვენზე ერთი-ორი სიტყვის თქმა. მაგრამ რადგან სერიოზულ საქმეს ვესწრებით, გთხოვთ, განუმარტოთ სასამართლოს, რატომ არ უპასუხეთ ბოლო შეკითხვას“.
1964 წელს ბილი №38 კანადის უზენაესი სასამართლოს წინაშე წარვადგინე. მაგრამ, რადგან ეს კანონი აქამდე ჯერ არასდროს ყოფილა პრაქტიკაში გამოყენებული, მათ უარი განაცხადეს, მის კონსტიტუციურობაზე ემსჯელათ. ამ დროისთვის დიუპლესი უკვე გარდაცვლილი იყო და ამ კანონის გამოყენება აღარავის ადარდებდა. იეჰოვას მოწმეების ან სხვა ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ ის აღარასდროს არავის გამოუყენებია.
მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1959 წელს, დიუპლესს კანადის უზენაესმა სასამართლომ მოსთხოვა, ძმა რონკერელისთვის აენაზღაურებინა ზარალი, რაც სპირტიან სასმელებზე ლიცენზიის უკანონო გაუქმებით მიაყენა. იმ დროიდან ბევრი ჩვენს მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი გახდა კვებეკში. 1943 წელს აქ მყოფი მოწმეების რიცხვი, მთავრობის მიერ ჩატარებული აღწერის თანახმად, 300-იდან დღეისათვის უკვე 33 000-მდე გაიზარდა. იეჰოვას მოწმეები პროვინციაში მეოთხე დიდი რელიგიური ჯგუფია. მე არ მივიჩნევ ამ იურიდიულ გამარჯვებებს ან იეჰოვას მოწმეების მსახურებაში წარმატებებს ადამიანის მიღწევად. პირიქით, დავინახე, რომ იეჰოვა გვამარჯვებინებს, რადგან ბრძოლა ჩვენი კი არა, მისია (მეორე ნეშტთა 20:15).
პირობების შეცვლა
1954 წელს დავქორწინდი ინგლისელ მომხიბლავ პიონერზე, მარგარეტ ბიგელზე, და ერთად დავიწყეთ პიონერული მსახურება. მე განვაგრძობდი იეჰოვას მოწმეების დასაცავად სასამართლო პროცესების გაძღოლას კანადასა და შეერთებულ შტატებში და ევროპისა და ავსტრალიის ზოგიერთი სასამართლო საქმის კონსულტანტი ვიყავი. მარგარეტი
ჩემი მდივანი გახდა და მრავალი წლის განმავლობაში ფასდაუდებელი მხარდაჭერა გამიწია. 1984 წელს მარგარეტთან ერთად კანადის ფილიალში დავბრუნდი საცხოვრებლად და ვეხმარებოდი იურიდიული განყოფილების ხელახლა ჩამოყალიბებაში. სამწუხაროდ, 1987 წელს მარგარეტი ავთვისებიანი სიმსივნით გარდამეცვალა.1969 წელს დედაჩემის სიკვდილის შემდეგ, ჩემმა ძმამ, ჯომ, და მისმა მეუღლემ, ელსიმ, რომლებსაც მისიონერული მომზადება ჰქონდათ გავლილი „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა გალაადის მეცხრე კლასში, მამა თავიანთ სახლში წაიყვანეს და თექვსმეტი წლის განმავლობაში ზრუნავდნენ მასზე, სანამ მოკვდებოდა. ამ თავგანწირვის სულისკვეთებით მათ შესაძლებლობა მომცეს, გამეგრძელებინა სრული დროით მსახურება, რომლისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები.
შემდგომი ბრძოლები
წლების განმავლობაში იეჰოვას მოწმეების იურიდიული ბრძოლები შეიცვალა. ბევრი სასამართლო პროცესი შედგა საკუთრების დაცვისა და სამეფო და საკონგრესო დარბაზების მშენებლობისთვის ნებართვის მისაღებად. სხვა პროცესები ბავშვებზე მეურვეობასთან იყო დაკავშირებული, როდესაც თავიანთ რელიგიურ შეხედულებებში დარწმუნებული არამოწმე მშობლები ცდილობდნენ, ან ერთპიროვნული მეურვეობისთვის მიეღწიათ, ან შეეზღუდათ მოწმე მშობლები სასარგებლო რელიგიური სწავლებების საკუთარი შვილებისათვის გაზიარებაში.
ამერიკელი იურისტი, ლინდა მენინგი, კანადის ფილიალს ეწვია 1989 წელს, რომ დროებით იურიდიულ საკითხებში დაგვხმარებოდა. იმავე წლის ნოემბერში ჩვენ დავქორწინდით და მას შემდეგ დღემდე ბედნიერად ვმსახურობთ აქ.
90-იან წლებში ჯონ ბერნსი, კანადის ბეთელში მომსახურე იურისტი, და მე იაპონიაში ვიყავით და ჩვენს ქრისტიან ძმებს ვეხმარებოდით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქმე მოეგოთ, რომელიც ეხებოდა მოწაფეების არჩევნის თავისუფლებას, მონაწილეობა არ მიეღოთ საბრძოლო ხელოვნების ვარჯიშებში, რომელიც მათ სკოლაში მოითხოვებოდა. აგრეთვე მოვიგეთ სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული მოზარდთა უფლებების შესახებ გამართული სასამართლო საქმე.
1996—1997 წლებში მე და ლინდამ ხუთი თვე სინგაპურში დავყავით, რადგან ამ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალეს და ამის შედეგად სასამართლო საქმეები იმართებოდა. მე ვიცავდი 64 მამაკაცს, ქალსა და ახალგაზრდას, რომლებსაც ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დასწრებისა და ბიბლიებისა და რელიგიური ლიტერატურის ფლობის გამო ბოროტმოქმედებაში სდებდნენ ბრალს. ვერც ერთი ეს სასამართლო საქმე ვერ მოვიგეთ, მაგრამ ვნახეთ, როგორ აძლიერებს იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს, რომ გაჭირვებისას უმწიკვლოება და სიხარული შეინარჩუნონ.
მონაწილეობისთვის მადლიერი ვარ
მიხარია, რომ 80 წლის ასაკში ჯანმრთელად ვარ და იეჰოვას ხალხისთვის იურიდიულ ბრძოლებში მონაწილეობის გაგრძელება შემიძლია. ახლაც კი ყოველთვის მზად ვარ, წავიდე სასამართლოში და მხარი დავუჭირო სიმართლეს. ძალიან მსიამოვნებს, რომ კანადაში მოწმეთა რიცხვი გაიზარდა — 1940 წელს აქ 4 000 მოწმე იყო, ახლა კი 111 000-ა. ადამიანები და მოვლენებიც იცვლება, მაგრამ იეჰოვა განაგრძობს თავისი ხალხის მუდამ წინ წაწევას და მათ სულიერი კეთილდღეობით უზრუნველყოფს.
არის პრობლემები? დიახ, მაგრამ იეჰოვას სიტყვა გვამშვიდებს: „ყოველი იარაღი, შენს წინააღმდეგ გამოჭედილი, გაცუდდება“ (ესაია 54:17). 56 წელზე მეტი ხნის გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც სრული დროით მსახურებაში ‘სახარების დაცვასა და განმტკიცებაში’ გავატარე, შემიძლია დავადასტურო, რამდენად ჭეშმარიტია ესაიას ეს წინასწარმეტყველება (ფილიპელთა 1:7).
[სურათი 19 გვერდზე]
მე, ჩემი პატარა ძმა და მშობლები.
[სურათი 19 გვერდზე]
იურისკონსულტი ჰეიდენ კოვინგტონი.
[სურათი 19 გვერდზე]
ნეითან ნორთან.
[სურათები 20 გვერდზე]
დიუპლესი მუხლს იყრის კარდინალ ვილნევის წინაშე.
[საავტორო უფლება]
Photo by W. R. Edwards
[სურათები 20, 21 გვერდებზე]
ფრანკ რონკერელი.
[საავტორო უფლება]
Courtesy Canada Wide
[სურათები 21 გვერდზე]
ემე ბუშე.
[სურათი 24 გვერდზე]
იურისტ ჯონ ბერნსთან და ჩემს მეუღლესთან, ლინდასთან, ერთად.