„ვაზა“ — სიამაყისა და იმედგაცრუების სიმბოლო
„ვაზა“ — სიამაყისა და იმედგაცრუების სიმბოლო
ჩვენი კორესპონდენტისგან შვედეთში
ზაფხულის მშვენიერი დღე იდგა 1628 წლის 10 აგვისტოს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში. უამრავმა ხალხმა ქალაქის ნავსადგურში მოიყარა თავი. დიდებული სამეფო სამხედრო ხომალდი, „ვაზა“, სამი წლის მშენებლობის შემდეგ პირველად გადიოდა ზღვაში, რათა შვედეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს შეერთებოდა.
„ვაზა“ არ იყო ჩვეულებრივი სამხედრო ხომალდი. მეფე გუსტავ II ადოლფ ვაზას სურდა, რომ ის ყველაზე მძლავრი ყოფილიყო მსოფლიოში. როგორც ზოგი ამბობს, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ დანიელები აშენებდნენ ზარბაზნებით აღჭურვილ ორ გემბანიან ხომალდს, ბრძანება გასცა, მეორე გემბანიც აეშენებინათ ზარბაზნებისთვის. მას სურდა, რომ მისი სამეფო დინასტიის სახელის მატარებელი გემი არც ერთ ხომალდს არ ჩამორჩენოდა.
ხალხი მოელოდა, რომ გემის პირველი გასვლა ზღვაში მეფის სამეფო ძალაუფლებისა და სიძლიერის აშკარა დემონსტრირება იქნებოდა. ის აღჭურვილი იყო 64 ზარბაზნით და მორთული 700-ზე მეტი ქანდაკებითა და ორნამენტით. მისმა ღირებულებამ შვედეთის მთლიანი ეროვნული შემოსავლის 5 პროცენტზე მეტი შეადგინა. ეს მძლავრი საომარი ხომალდი და ხელოვნების ნიმუშთა „წყალზე მოცურავე გამოფენა“, ალბათ, ყველაზე საუცხოო ხომალდი იყო, რომელიც კი სადმე აშენებულა იმ პერიოდში. გასაკვირი არ არის, რომ ხალხი სიამაყის შეძახილებით აცილებდა ხომალდს, როდესაც ის სტოკჰოლმის ნავსადგურიდან გადიოდა.
კატასტროფა და დამცირება
მაგრამ „ვაზას“ ჯერ ერთ კილომეტრზე ცოტა მეტი თუ ექნებოდა გავლილი, როცა ძლიერმა ქარმა ხომალდი გვერდზე გადახარა და ბორტზე გაკეთებულ საზარბაზნეებში დიდი ნაკადით წყალმა იწყო შესვლა. გემი ჩაიძირა და აქვე დასრულდა მისი პირველი მგზავრობა, რომელიც, ალბათ, ყველაზე მოკლე იყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ისტორიაში.
ამის თვითმხილველნი თავზარდაცემული დარჩნენ. შვედეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სიამაყე ჩაიძირა და ეს ბრძოლით ან ღია ზღვაზე ძლიერი ქარიშხლის ამოვარდნით კი არ იყო გამოწვეული, არამედ, უბრალოდ, ქარის დაბერვით ნავსადგურიდან გასვლის დროს. კიდევ უფრო თავზარდამცემი იყო ხომალდზე მყოფი 50 ადამიანის დაღუპვა. იმის ნაცვლად, რომ ეროვნული სიამაყის ობიექტად ქცეულიყო, „ვაზა“ იმედგაცრუებისა და სირცხვილის სიმბოლოდ იქცა.
იმისათვის, რომ მოძებნილიყო დამნაშავე, რომელიც პასუხს აგებდა ამ დამამცირებელი კატასტროფისთვის, გამოძიება დაიწყო. მაგრამ ვერავის დასდეს ბრალი, ალბათ, იმიტომ, რომ, როგორც სამხილი მოწმობდა, ამ საქმეში გარეული იყვნენ როგორც მეფე, ისე შვედეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეორე მეთაური, ვიცე-ადმირალი კლაუს ფლემინგი.
მშენებლებს მეფის ჩანაფიქრის თანახმად უნდა აეშენებინათ ხომალდი, რამაც ისინი იძულებული გახადა, მათთვის უცნობი მშენებლობის მეთოდები გამოეყენებინათ. ამიტომ „ვაზას“ აგების დროს მათ საჭირო პროპორციები ვერ დაიცვეს. ხომალდის გადაბრუნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ადმირალმა ფლემინგმა მისი მდგრადობის შესამოწმებელი გამოცდა მოაწყო. 30 მამაკაცი ხომალდის ერთი ბორტიდან მეორემდე ერთდროულად გადარბოდა. სამი გადარბენის შემდეგ ადმირალი მიხვდა, რომ, თუ ისინი გააგრძელებდნენ ამგვარ შემოწმებას, ხომალდი ადგილზევე გადაბრუნდებოდა. ამიტომ ბრძანა, შეეჩერებინათ შემოწმება, მაგრამ ზღვაში ხომალდის გასვლა მაინც არ გადაუდია. რადგან ამ საქმეში გარეული იყვნენ ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები, როგორებიც იყვნენ მეფე და ადმირალი, სასამართლო პროცესი საერთოდ შეჩერდა.
1664—1665 წლებში შვედეთის არმიის ყოფილმა ოფიცერმა საყვინთი ზარხუფის საშუალებით „ვაზას“ საბრძოლო აღჭურვილობის უმეტესი ნაწილი ამოიღო ფსკერიდან. შემდეგ კი, რაც უფრო ღრმად იძირებოდა „ვაზა“ წყლის ზედაპირიდან 30 მეტრის ქვეშ შლამის ფენაში, მით უფრო დავიწყებას ეძლეოდა.
ფსკერიდან ამოღება
1956 წლის აგვისტოში არაპროფესიონალმა არქეოლოგმა, ანდერს ფრანზენმა, გრუნტის მილის გამოყენებით მუხისგან დამზადებული ხომალდის ნაწილი ამოიღო ზღვის ფსკერიდან. ის წლების მანძილზე იკვლევდა ძველ დოკუმენტებს და ზღვის ფსკერზე „ვაზას“ ეძებდა, რომელიც ბოლოს და ბოლოს აღმოაჩინა კიდეც. უაღრესად ოსტატური და რთული სამუშაოების შესრულების შემდეგ „ვაზა“ მთლიანად ამოიღეს შლამიდან და წყალქვეშვე ფრთხილად გადაიტანეს დოკში.
1961 წლის 24 აპრილს სტოკჰოლმის ნავსადგურის მისადგომებს კვლავ უამრავი ხალხი მიაწყდა. მაყურებლებში
სიხარულის ატმოსფერო სუფევდა. 333 წლის შემდეგ „ვაზა“ აღდგა ზღვის ფსკერიდან — ამჯერად როგორც ტურისტების ყურადღების ცენტრში მყოფი ღირსშესანიშნაობა და წყალქვეშა არქეოლოგიის კვლევის ძვირფასი ობიექტი. 25 000-ზე მეტმა მატერიალური კულტურის ძეგლმა ბევრ საინტერესო დეტალს მოჰფინა ნათელი XVII საუკუნის ამ სამხედრო ხომალდთან დაკავშირებით; ასევე უნიკალური წვრილმანები გახდა ცნობილი იმ ეპოქის გემთმშენებლობისა და სკულპტურის შესახებ.რატომ შემოინახა ასე კარგად „ვაზა“ და ყველაფერი, რაც მის ბორტზე იყო? ეს განაპირობა ზოგმა ფაქტორმა; ის სულ მთლად ახალი იყო, როცა ჩაიძირა, ზღვის შლამმაც ხელი შეუწყო მის შემონახვას და ზღვის ჭიებიც, რომლებიც ხეს აფუჭებენ, კარგად ვერ გამრავლდებოდნენ მარილის დაბალი შემცველობის მქონე წყალში.
„ვაზას“ ბორტზე დაახლოებით 120 ტონა ბალასტური ტვირთი იყო მოთავსებული. როგორც სპეციალისტებმა გამოიანგარიშეს, იმისათვის, რომ ხომალდი მდგრადი ყოფილიყო, საჭირო იყო ამაზე ორჯერ მეტი სიმძიმის ტვირთი, მაგრამ ხომალდზე მეტი თავისუფალი ადგილი აღარ იყო. გარდა ამისა, დამატებითი ტვირთის მოთავსება გემს კიდევ უფრო დასწევდა და დაბლითა საზარბაზნეები წყალთან ძალიან ახლოს აღმოჩნდებოდა. „ვაზა“, რომელიც დიდებული შესახედავი იყო, არაპროპორციულობის გამო დასაღუპავად იყო განწირული.
ამჟამად მან, როგორც ჩვენამდე შემონახულმა უძველესმა გემმა, რომელსაც ჟამთა სვლამ ვერაფერი დააკლო და რომლის იდენტურობაშიც არავის ეპარება ეჭვი, საიმედო „ნავსაყუდელი“ მუზეუმში ჰპოვა. წელიწადში 850 000 მნახველი მოდის ამ მუზეუმში, რათა თვალი შეავლოს პომპეზური მორთულობების მქონე XVII საუკუნის ამ სამეფო ხომალდს, რომელიც 1628 წელს მომხდარი კატასტროფის წყალობით თითქმის უცვლელად არის შემონახული. ყოველივე ეს შეგვახსებენს ძალაუფლების მქონე იმ პირების უგუნურებას, რომლებმაც თავდაჯერებულობითა და დაუდევრობით გემთმშენებლობის პრაქტიკული და გონივრული წესები უგულებელყვეს.
[სურათი 16 გვერდზე]
მეფე გუსტავ II ადოლფ ვაზა.
[საავტორო უფლება]
Foto: Nationalmuseum, Stockholm
[სურათები 16, 17 გვერდებზე]
300–ზე მეტი წლის განმავლობაში ზღვის ფსკერზე ყოფნის შემდეგ „ვაზა“ მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიულ ძეგლად იქცა.
[საავტორო უფლება]
Genom tillmötesgående från Vasamuseet, Stockholm
[სურათის საავტორო უფლება 17 გვერდზე]
Målning av det kapsejsande Vasa, av konstnär Nils Stödberg