შეიძლება როდისმე გამართლებულად ჩაითვალოს ტყუილის თქმა?
ბიბლიის თვალსაზრისი
შეიძლება როდისმე გამართლებულად ჩაითვალოს ტყუილის თქმა?
„ზოგჯერ ცოტაოდენი უზუსტობით თავს არიდებ უამრავ ახსნა-განმარტებას“.
ზემოხსენებული სიტყვები ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორი თვალსაზრისი აქვს მრავალ ადამიანს ტყუილთან დაკავშირებით. მათ თვალსაზრისს საფუძვლად ის უდევს, რომ ტყუილის თქმა არ არის არასწორი, თუ ის არავის ვნებს. ტყუილთან დაკავშირებული ასეთი წარმოდგენა სასწავლო სახელმძღვანელოებში სპეციალური ტერმინითაც კი არის გამოყოფილი, როგორც ეთიკის ცალკე სისტემა; მისი სწავლების თანახმად, ერთადერთი კანონი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელო, ეს არის ეგრეთ წოდებული სიყვარულის კანონი. დაიანა კომპი ამას სხვა სიტყვებით განმარტავს: „თუ სწორი მოტივები და განზრახვები გაქვს, ის ფაქტი, რომ მოიტყუე, უმნიშვნელოა“.
დღესდღეობით ასეთი თვალსაზრისი საყოველთაოდ გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. გამოჩენილი პოლიტიკოსებისა და მსოფლიოს სხვა ცნობილი ლიდერების სიცრუით გამოწვეული სკანდალები საზოგადოებას თავზარს სცემს. ასეთ უარყოფით ზეგავლენაში მოქცეული ბევრი ადამიანი აღარ ცდილობს, რომ ალალმართალი იყოს. მოღვაწეობის ზოგ სფეროში ოფიციალურად მიღებული გახდა სიცრუის თქმა. „მე ტყუილის თქმისთვის მიხდიან. ტყუილის თქმის შემთხვევაში გამყიდველთა კონკურსში ვიმარჯვებ და დამსაქმებლის მოწონებას ვიმსახურებ. . . როგორც ჩანს, საცალო ვაჭრობის ძირითადი არსი ამაში მდგომარეობს, რაც ყველგან ჭრის“, — ჩივის ერთი გამყიდველი. ბევრს სჯერა, რომ უმნიშვნელო და ეგრეთ წოდებულ უვნებელ ტყუილს არ მოაქვს ზიანი. ნამდვილად ასეა ეს? არის ისეთი შემთხვევები, როცა ქრისტიანი ტყუილს ამბობს და მისი საქციელი შეიძლება გამართლებულად მივიჩნიოთ?
ბიბლიის ამაღლებული ნორმები
ბიბლია აშკარად განსჯის ყველანაირ სიცრუეს. „[ღმერთი] დაღუპავს სიცრუის მთქმელს“ (ფსალმუნი 5:7; იხილეთ გამოცხადება 22:15). ბიბლიაში, კერძოდ იგავნის 6:16—19-ში, ჩამოთვლილია შვიდი რამ, რაც იეჰოვას სძულს. ამ ჩამონათვალში შედის ხაზგასმით მოხსენიებული „ცრუ ენა“ და „ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე“. რატომ? იმიტომ რომ იეჰოვას სძულს, როცა ვინმე ტყუილის თქმით ზიანს აყენებს სხვას. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იესომ ცრუ და კაცისმკვლელი უწოდა სატანას, რომელმაც თავისი სიცრუით კაცობრიობა უბედურებამდე და სიკვდილამდე მიიყვანა (დაბადება 3:4, 5; იოანე 8:44; რომაელთა 5:12).
ის, თუ რამდენად სერიოზულად მიიჩნევს იეჰოვა სიცრუის თქმას, კარგად ჩანს ანანიასა და საფირას შემთხვევიდან. ამ ორმა პიროვნებამ შეგნებულად მოიტყუა მოციქულების წინაშე და თვალთმაქცურად ცდილობდნენ, უფრო გულუხვები გამოჩენილიყვნენ, ვიდრე სინამდვილეში იყვნენ. მათი მოქმედება გამიზნული და წინასწარგანზრახული იყო. ამიტომ მოციქულმა პეტრემ განაცხადა: „შენ ეცრუე არა ადამიანებს, არამედ ღმერთს“. ამისათვის ორივე ღვთის ხელით დაიხოცნენ (წლების შემდეგ მოციქულმა პავლემ შემდეგი სიტყვებით შეაგონა ქრისტიანები: „ნუ იცრუებთ ერთიმეორის მიმართ“ (კოლასელთა 3:9). ამ შეგონების თანახმად მოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრისტიანულ კრებაში. იესომ აღნიშნა, რომ პრინციპებზე დაფუძნებული სიყვარული მისი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების ამოსაცნობი ნიშანი იქნებოდა (იოანე 13:34, 35). ასეთი არათვალთმაქცური სიყვარულის გაღვივება და განვითარება ისეთ გარემოცვაშია შესაძლებელია, სადაც სრული პატიოსნებისა და ნდობის ატმოსფეროა გამეფებული. ძნელია გვიყვარდეს ვინმე, თუ არ ვართ დარწმუნებული, რომ ის ყოველთვის სიმართლეს გვეტყვის.
მართალია, ყველანაირი სიცრუე დასაძრახია, მაგრამ ზოგი ტყუილი სხვებთან შედარებით უფრო სერიოზულია. მაგალითად, ერთმა შეიძლება დაბნეულობის ან შიშის გამო მოიტყუოს, მეორემ კი შეგნებულად, ბოროტი განზრახვით, რომ სხვას ავნოს ან ზიანი მიაყენოს. შეგნებულად ტყუილის მთქმელი ადამიანი, იმის გამო, რომ ბოროტი განზრახვები ამოძრავებს, საფრთხეს უქმნის სხვებს და ასეთი პირი კრებიდანაც კი უნდა გაირიცხოს, თუ არ ინანიებს. რადგანაც ტყუილი ყოველთვის ბოროტი აღძვრებით არ არის გამოწვეული, სიფრთხილე გვმართებს, რომ, სანამ ვინმეს დაუმსახურებლად მსჯავრს დავდებდეთ, ჯერ ღრმად გამოვიკვლიოთ ის ფაქტორები, რის გამოც შეიძლება ვინმემ ტყუილი თქვა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ვინმეს საქციელის გამომწვევი მიზეზები და მდგომარეობის შემამსუბუქებელი გარემოებები (იაკობი 2:13).
„გონიერნი, როგორც გველნი“
რასაკვირველია, ალალმართლობა იმას არ ნიშნავს, რომ ვალდებული ვართ, ყველანაირი ინფორმაცია გავაგებინოთ მათ, ვინც ამას ითხოვს. „ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა. . . შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ“, — გვაფრთხილებს იესო მათეს 7:6-ში. მაგალითად, ბოროტი განზრახვის მქონე პირებს შეიძლება გარკვეული საკითხების ცოდნის უფლება არ ჰქონდეთ. ქრისტიანებმა იციან, რომ ისინი მტრულად განწყობილ წუთისოფელში ცხოვრობენ. იესო სწორედ ამიტომ ურჩევდა თავის მოწაფეებს, ყოფილიყვნენ „გონიერნი, როგორც გველნი“, მაგრამ, ამავე დროს, „უმანკონი, როგორც მტრედნი“ (მათე 10:16; იოანე 15:19). იესო ყოველთვის ყველაფერს არ უმხელდა ადამიანებს, მით უმეტეს, თუ ყველა ფაქტის გამჟღავნება ზედმეტ თავსატეხს გაუჩენდათ მას და მის მოწაფეებს. მიუხედავად ამისა, თვით ასეთ შემთხვევებშიც კი არ იტყუებოდა. ნაცვლად ამისა, გაჩუმებას ამჯობინებდა ან საუბარს სხვა კუთხით წარმართავდა (მათე 15:1—6; 21:23—27; იოანე 7:3—10).
ბიბლიაში მოხსენიებული ერთგული მამაკაცები და ქალები: აბრაამი, ისააკი, რახაბი და დავითი მსგავს წინდახედულობასა და სიფრთხილეს იჩენდნენ იმ დროს, როცა კონტაქტი ჰქონდათ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც შეიძლება მათი მტრები აღმოჩენილიყვნენ (დაბადება 20:11—13; 26:9; იესო ნავეს ძე 2:1—6; პირველი მეფეთა 21:10—14). ბიბლია ამ მამაკაცებსა და ქალებს მორჩილ და ღვთის ერთგულ თაყვანისმცემლებად მოიხსენიებს, რის გამოც ისინი სამაგალითონი არიან (რომაელთა 15:4; ებრაელთა 11:8—10, 20, 31, 32—39).
ზოგჯერ შეიძლება ადამიანმა იოლ გამოსავალად ტყუილის თქმა მიიჩნიოს. მაგრამ დღესდღეობით ქრისტიანები კარგად იქცევიან, როდესაც ძალიან რთულ სიტუაციებში ყოფნისას იესოს ბაძავენ და ბიბლიით განსწავლული სინდისის მიხედვით მოქმედებენ (ებრაელთა 5:14).
ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ ალალმართლები და პატიოსნები. როგორც დავინახეთ, სიცრუის თქმა არასწორია; ამ მხრივ ჩვენ უნდა მივყვეთ ბიბლიის რჩევას: „თვითოეულმა თქვენგანმა თავის მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“ (ეფესელთა 4:25). ასე მოქმედებით სუფთა სინდისს შევინარჩუნებთ; ხელს შევუწყობთ კრებაში სიყვარულისა და სიმშვიდის დასადგურებას და კვლავაც პატივს მივაგებთ ‘ჭეშმარიტ ღმერთს’ (ფსალმუნი 30:6; ებრაელთა 13:18).
[სურათი 22 გვერდზე]
ანანია და საფირა სიცრუის გამო სიცოცხლეს გამოესალმნენ.