მთავარი თემა | სიმართლე ანგელოზების შესახებ
რა გავლენას ახდენენ ანგელოზები თქვენს ცხოვრებაზე?
ერთ კვირა დღეს კიურასაოში კენეთი და ფილომენა ერთი წყვილის მოსანახულებლად მივიდნენ, რომელსაც ბიბლიას ასწავლიდნენ.
კენეთი გვიყვება: „იქ მისულებს კარი დაკეტილი დაგვხვდა, მანქანაც არ ეყენა ეზოში, მაგრამ რაღაცამ მიბიძგა, რომ დიასახლისისთვის დამერეკა“.
ქალმა უპასუხა კენეთის ზარს და უთხრა, რომ მისი ქმარი სამსახურში იყო. თუმცა როგორც კი მიხვდა, რომ კენეთი და ფილომენა კართან იდგნენ, მაშინვე გაუღო კარი და სახლში შემოიპატიჟა.
მათ შენიშნეს, რომ ქალს ნამტირალევი თვალები ჰქონდა. სანამ ბიბლიის შესწავლას დაიწყებდნენ, კენეთმა ილოცა. ამ დროს ქალს ისევ ტირილი აუტყდა. კენეთმა და ფილომენამ ტაქტიანად გამოკითხეს მას, რა მოხდა.
ქალმა გაუმხილა მათ, რომ დეპრესია ჰქონდა და იმ დღეს თავის მოკვლას აპირებდა. კენეთმა ზუსტად მაშინ დაურეკა მას, როცა ქმარს წერილს უწერდა. დასამშვიდებლად კენეთმა და ფილომენამ ქალს ბიბლიიდან მანუგეშებელი აზრები გაუზიარეს. სწორედ ამან გადააფიქრებინა მას თვითმკვლელობა.
„იეჰოვას * მადლობას ვუხდიდით იმისთვის, რომ ამ სასოწარკვეთილი ქალის დასახმარებლად ჩვენ გამოგვიყენა. მან თავისი წმინდა სულით ან შესაძლოა ანგელოზის მეშვეობით აღგვძრა, რომ დაგვერეკა მისთვის“, — ამბობს კენეთი.
სწორად დაასკვნეს კენეთმა და ფილომენამ, რომ ღმერთმა ანგელოზის მეშვეობით ან თავისი წმინდა სულით აღძრა ისინი ამ ქალის დასახმარებლად თუ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო და მეტი არაფერი?
როგორც უნდა ყოფილიყო, ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: ღმერთი ანგელოზების მეშვეობით მართლაც ეხმარება ადამიანებს, დაუახლოვდნენ მას. მაგალითად, ბიბლიის ერთ მონაკვეთში ვკითხულობთ, როგორ უხელმძღვანელა ღმერთმა ანგელოზის მეშვეობით მახარობელ ფილიპეს, ეთიოპი დიდებულისთვის აეხსნა წმინდა წერილებიდან წაკითხული (საქმეები 8:26—31).
არაერთი რელიგიის მიმდევრებს სწამთ, რომ არსებობენ ზებუნებრივი სულიერი ქმნილებები, რომელთაგანაც ზოგი კეთილია, ღვთის ნებას ასრულებს ან ადამიანებს მფარველად ევლინება. ბევრს ისიც სჯერა, რომ ანგელოზები მათ ცხოვრებაზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენენ. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც საერთოდ არ სჯერათ ანგელოზების არსებობის.
ნამდვილად არსებობენ ანგელოზები? თუ ასეა, როგორ გაჩნდნენ ისინი? ვინ არიან სინამდვილეში ანგელოზები? ახდენენ ისინი გავლენას თქვენს ცხოვრებაზე? მოდი ამ კითხვებზე ბიბლიიდან გავიგოთ პასუხი.
^ აბზ. 8 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18).