ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
„ერთ დროს აგრესიული და დაუნდობელი ვიყავი“
-
დაბადების წელი: 1974
-
ქვეყანა: მექსიკა
-
წარსულში: მოძალადე და ქუჩის მოჩხუბარი
მოკლე ბიოგრაფია:
დავიბადე ტამაულიპასის შტატის ქალაქ სიუდად-მანტეში (მექსიკა). ამ ულამაზეს მხარეში მცხოვრები ხალხი ხელგაშლილობითა და სიკეთით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, ჩემს ქალაქში ცხოვრება ძალიან სახიფათო იყო, რადგან ხშირად ხდებოდა ორგანიზებული დანაშაული.
ჩემს მშობლებს ოთხი ვაჟი ჰყავდათ, მე მეორე ვიყავი. მშობლებმა კათოლიკედ მომნათლეს. როცა წამოვიზარდე, საეკლესიო მგალობელთა გუნდს შევუერთდი. მეშინოდა, ისეთი რამ არ გამეკეთებინა, რის გამოც ღმერთი ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლში მაწამებდა.
ხუთი წლის ვიყავი, როცა მამამ მიგვატოვა. დიდ ტკივილს და სიცარიელეს ვგრძნობდი. არ მესმოდა, რატომ დაგვტოვა, ჩვენ ხომ ის ძალიან გვიყვარდა. დედა ლუკმაპურისთვის დღე-ღამეს ასწორებდა.
სწორედ ამ დროს წავედი ხელიდან. ხშირად გაკვეთილებს ვაცდენდი, რადგან მინდოდა, რომ ურთიერთობა მქონოდა ჩემზე უფროს ბიჭებთან. მათგან ბევრი ცუდი ჩვევა გადმოვიღე — ვიგინებოდი, ვეწეოდი, ვიპარავდი და მუშტი-კრივზეც კი გადავდიოდი. მიყვარდა ლიდერობა, ამიტომ კრივს, ჭიდაობას და არაერთ საბრძოლო ხელოვნებას დავეუფლე; იარაღის გამოყენებაც ვისწავლე. ასე გავხდი დაუნდობელი და მოძალადე. ხშირად ვმონაწილეობდი შეიარაღებულ დაპირისპირებაში. რამდენჯერმე ისე დამჭრეს, რომ ქუჩაში ცოცხალმკვდარი ვეგდე და სისხლში ვცურავდი. დედაჩემს არაერთხელ ვუნახივარ ასეთ მდგომარეობაში და სასწრაფოდ წავუყვანივარ საავადმყოფოში. წარმომიდგენია, რას განიცდიდა ამ დროს.
ერთ დღეს ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, ხორხემ, მოგვინახულა. მაშინ 16 წლის ვიყავი. მან გვითხრა, რომ იეჰოვას მოწმე იყო და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ცნობის გაზიარება სურდა. ხორხემ ბიბლიის საფუძველზე აგვიხსნა თავისი მრწამსი. მანამდე ბიბლია არასდროს მქონდა წაკითხული. გაოცებული დავრჩი, როცა გავიგე, რა ერქვა ღმერთს და რა განზრახვები ჰქონდა. ხორხემ ბიბლიის შესწავლა შემოგვთავაზა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდით.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:
დიდი შვება ვიგრძენი, როცა გავიგე, რომ ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შესახებ სწავლებას არ ჰქონდა ბიბლიური საფუძველი (ფსალმუნი 146:4; ეკლესიასტე 9:5). მივხვდი, რომ ღვთის მიმართ პანიკური შიში არ უნდა მქონოდა; ის ჩემთვის მოსიყვარულე მამასავით გახდა, რომელსაც საუკეთესო სურს თავისი შვილებისთვის.
1 კორინთელების 15:33-ში ჩაწერილი რჩევა: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“. თუ მსურდა, ძირეულად შევცვლილიყავი, უნდა გამეწყვიტა კავშირი მათთან, ვინც ჩემზე ცუდ გავლენას ახდენდა. ამიტომ ძველი მეგობრები ახალი მეგობრებით ჩავანაცვლე, რომლებიც ქრისტიანული კრების წევრები იყვნენ. ისინი უთანხმოებების დროს ძალადობას კი არ მიმართავდნენ, არამედ ბიბლიურ პრინციპებს ითვალისწინებდნენ და ასე ცდილობდნენ მათ გადაჭრას.
რაც უფრო კარგად ვეცნობოდი ბიბლიას, მით უფრო ვხედავდი იმის აუცილებლობას, რომ ცვლილებები მომეხდინა საკუთარ თავში; უნდა მესწავლა თავმდაბლობა და მიმეტოვებინა ძალადობა. ძალიან დამეხმარაკიდევ ერთი ბიბლიური რჩევა, რამაც ცვლილებებისკენ მიბიძგა, რომაელების 12:17—19-შია ჩაწერილი: «ნურავის გადაუხდით სამაგიეროს . . . რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან. ნუ იძიებთ შურს . . . რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“». ერთ დასკვნამდე მივედი: იეჰოვამ იცის, როდის და რა გზით აღმოფხვრას ყოველგვარი უსამართლობა. დროთა განმავლობაში შევიცვალე ცხოვრების წესი და მოვიშორე აგრესიული ხასიათი.
ერთ საღამოს, როცა სახლში ვბრუნდებოდი, მოულოდნელად თავს დამესხა ბანდა, რომლის წევრებიც ჩემი ყოფილი ბანდის მოწინააღმდეგეები იყვნენ; ამ დროს ბანდის მეთაურმა ზურგში ჩამარტყა და დამიყვირა: „თავი დაიცავი!“. გულში მოკლედ ვილოცე და იეჰოვას ვთხოვე, ძალა მოეცა ამ შეურაცხყოფის ასატანად. სამაგიეროს გადახდის ძლიერი სურვილი მქონდა, მაგრამ საკუთარ თავში ძალა ვიპოვე და უხმაუროდ გავეცალე იქაურობას. მეორე დღეს მას პირისპირ შევეჩეხე. ისევ შურისძიების სურვილმა შემიპყრო, მაგრამ ამჯერადაც გულში ვთხოვე იეჰოვას, რომ თავი ხელში ამეყვანა. ჩემდა გასაკვირად, მან ასეთი სიტყვები მითხრა: „მინდა, გუშინდელის გამო ბოდიში მოგიხადო. სიმართლე გითხრა, მეც მსურს, შენნაირი გავხდე და ბიბლია შევისწავლო“. ეს შემთხვევა არასდროს დამავიწყდება! ბედნიერი ვიყავი, რომ შევძელი მომეთოკა საკუთარი თავი და ბრაზი არ გადმომენთხია! მას მერე მანაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა.
დასანანია, რომ იმ პერიოდში ჩემი ოჯახის წევრებმა შეწყვიტეს ბიბლიის შესწავლა. მაგრამ მე არაფრის დიდებით არ მივატოვებდი შესწავლას და არავის და არაფერს დავრთავდი ნებას, იმ წუმპეში დავებრუნებინე, რომელსაც თავი დავაღწიე. ვიცოდი, რომ ღვთის ხალხთან ხშირი ურთიერთობა ემოციურ ჭრილობებს მომიშუშებდა და ოჯახურ სითბოს მაგრძნობინებდა, რაც ასე ძალიან მჭირდებოდა. ნელა-ნელა სულიერად წინ წავიწიე, 1991 წელს მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი.
კურთხევები:
ერთ დროს აგრესიული და დაუნდობელი ვიყავი და სხვებს ჩემს ჭკუაზე ვატარებდი, მაგრამ ღვთის სიტყვამ სრულიად გარდამქმნა. ახლა ხალხს ვუზიარებ სასიხარულო ცნობას, რომ მალე მთელ დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს. ბოლო 23 წელია სრული დროით ვმსახურობ, რაც ჩემთვის დიდი პატივია.
რაღაც პერიოდი იეჰოვას მოწმეების მექსიკის ფილიალში მოხალისედ ვმსახურობდი. იქ გავიცანი ერთი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ქრისტიანი, კლაუდია, რომელზეც 1999 წელს დავქორწინდი. ძალიან მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ ასეთი ერთგული ცხოვრების თანამგზავრი მაპოვნინა!
ჩვენ ერთად ვმსახურობდით მექსიკის ჟესტებისენოვან კრებაში და ყრუ-მუნჯებს იეჰოვას გაცნობაში ვეხმარებოდით. არც ისე დიდი ხნის წინ ბელიზში გაგვგზავნეს, რათა იქაურებისთვის ბიბლია გვესწავლებინა. მართალია, აქ გაცილებით უბრალოდ ვცხოვრობთ, მაგრამ თავს ბედნიერად ვგრძნობთ. არაფერში გავცვლით იმ სულიერ სიმდიდრეს, რაც დღეს გაგვაჩნია.
დროთა განმავლობაში დედაჩემმა განაახლა ბიბლიის შესწავლა და მოინათლა. ჩემი უფროსი ძმა, რძალი და მათი შვილებიც ამჟამად იეჰოვას მოწმეები არიან. საბედნიეროდ, ჩემი ზოგი ყოფილი მეგობარი, რომლებსაც ერთ დროს ვუქადაგე, დღეს იეჰოვას ემსახურება.
სამწუხაროდ, ჩემი ოჯახის ზოგი წევრი ცოცხალი აღარ არის. ისინი თავიანთმა აგრესიულმა ხასიათმა შეიწირა. თუ მათ კვალს გავყვებოდი, ალბათ, მეც იგივე მელოდა. უსაზღვროდ მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომელმაც მომცა საშუალება, დავახლოებოდი მას და მის თაყვანისმცემელთა შორის ვყოფილიყავი; სწორედ იეჰოვას მოთმინებისა და სიკეთის წყალობით ვისწავლე ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრება.