არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღირს მომავლის გასაგებად მივმართოთ ასტროლოგიასა და მკითხაობას?

ღირს მომავლის გასაგებად მივმართოთ ასტროლოგიასა და მკითხაობას?

ᲐᲡᲢᲠᲝᲚᲝᲒᲘᲐ

ასტროლოგია არის მომავლის წინასწარმეტყველების ერთ-ერთი სახეობა, რომლის მიხედვითაც, ვარსკვლავები, მთვარე და პლანეტები დიდ გავლენას ახდენენ ადამიანებზე. ასტროლოგები აცხადებენ, რომ ბავშვის დაბადების დროს ციური სხეულების განლაგება განსაზღვრავს მის პიროვნულ თვისებებსა და მომავალს.

ასტროლოგია დასაბამს ძველი ბაბილონიდან იღებს, მაგრამ ის დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2012 წელს შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა ერთი მესამედი თვლიდა, რომ ასტროლოგიას რაღაც საერთო აქვს მეცნიერებასთან, ხოლო 10 პროცენტი მას მეცნიერების დარგად მიიჩნევდა. ქვემოთ მოყვანილი მიზეზები ცხადყოფს, რომ ეს მოსაზრება არ შეესაბამება სინამდვილეს.

  • ვარსკვლავების და პლანეტების ზემოქმედება არ არის იმდენად ძლიერი, რომ გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, როგორც ამას ასტროლოგები ამტკიცებენ.

  • ხშირად ასტროლოგიური პროგნოზი იმდენად ზოგადია, რომ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მიუსადაგო.

  • ასტროლოგიური გამოთვლები ეფუძნება ძველ შეხედულებას, თითქოს პლანეტები დედამიწის გარშემო ბრუნავს, მაშინ როცა ისინი მზის გარშემო ბრუნავენ.

  • ერთსა და იმავე ადამიანზე სხვადასხვა ასტროლოგის მიერ გაკეთებული პროგნოზები განსხვავდება ერთმანეთისგან.

  • ასტროლოგია ზოდიაქოს ნიშნებით ყოფს ადამიანებს 12 კატეგორიად მათი დაბადების თარიღის მიხედვით. ვინაიდან საუკუნეების მანძილზე კოსმოსში დედამიწის მდებარეობა იცვლება, თანავარსკვლავედებს შორის მზის ხილული გზა აღარ ემთხვევა ზოდიაქოს იმ ნიშნებისთვის მინიჭებულ თარიღებს, რომელთა მიხედვითაც ამ თანავარსკვლავედებს თავდაპირველად დაარქვეს სახელი.

ასტროლოგების მტკიცებით, ადამიანის პიროვნულ თვისებებს ის განაპირობებს, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნითაა დაბადებული. სინამდვილეში ერთსა და იმავე დღეს დაბადებულ ადამიანებს სრულიად განსხვავებული თვისებები აქვთ; ასე რომ, დაბადების თარიღი ვერაფერს გაგვიმჟღავნებს ადამიანის ბუნებაზე. ნაცვლად იმისა, რომ ობიექტურად შეაფასონ ადამიანები, ასტროლოგები წინასწარ შექმნილი შეხედულებებისა თუ ვარაუდების საფუძველზე ასკვნიან, ვის როგორი ხასიათი და თვისებები აქვს. ნუთუ ეს სინამდვილის დამახინჯება არ არის?!

ᲛᲙᲘᲗᲮᲐᲝᲑᲐ

ძველთაგანვე ხალხი მკითხავებს მიმართავდა. მკითხავები სხვადასხვა საშუალებით ეძებდნენ ნიშნებს. ზოგი აკვირდებოდა ცხოველისა თუ ადამიანის შინაგან ორგანოებს, ზოგიც ცდილობდა, იმაში დაენახა რაიმე ნიშანი, თუ როგორ კენკავდა მამალი მარცვალს. სხვები ჩაის ფოთლებზე ან ყავის ნალექზე დაკვირვებით მკითხაობდნენ. დღეს ბევრი ტაროს კარტით, მაგიური კრისტალებით ან კამათლებით უწინასწარმეტყველებს ადამიანებს მომავალს. მართლა შეუძლიათ მკითხავებს მომავლის განჭვრეტა? რასაკვირველია, არა. ქვემოთ მოყვანილია ამის რამდენიმე მიზეზი.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მკითხავების პროგნოზები ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება ან ურთიერთსაწინააღმდეგოა მიუხედავად იმისა, მკითხაობის ერთსა და იმავე მეთოდს იყენებენ თუ სხვადასხვას. მაგალითად, როცა ადამიანი ერთსა და იმავე კითხვას ორ მკითხავს უსვამს, რომლებიც ერთი და იმავე კარტით მკითხაობენ, წესით, პასუხიც ერთნაირი უნდა იყოს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ასე არ ხდება.

მკითხავების მეთოდები და მოტივები ბევრ ადამიანში ეჭვს ბადებს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ კარტები და მაგიური კრისტალები ბუტაფორიაა და მეტი არაფერი. სინამდვილეში მკითხავები კლიენტის რეაქციებზე დაკვირვებით აკეთებენ დასკვნებს. მაგალითად, დახელოვნებული მკითხავი ზოგად კითხვებს სვამს და ყურადღებით აკვირდება კლიენტის მიმიკასა თუ სიტყვებს, რათა მის შესახებ ესა თუ ის დეტალი დააფიქსიროს. შემდეგ ის კლიენტის მიერ გაუთვითცნობიერებლად გამჟღავნებულ ინფორმაციას ისე წარმოადგენს, თითქოს ეს ყველაფერი უკვე იცოდა. არაერთმა მკითხავმა ძალიან დიდი თანხები გამოსძალა თავიანთ კლიენტებს, რომელთა ნდობაც მოიპოვა.

ᲠᲐᲡ ᲐᲛᲑᲝᲑᲡ ᲑᲘᲑᲚᲘᲐ

ასტროლოგია და მკითხაობა ეფუძნება იმ შეხედულებას, რომ ადამიანის მომავალი წინასწარაა განსაზღვრული. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ყველას გვაქვს არჩევანის თავისუფლება. ამიტომ ჩვენს მომავალზე ის მოახდენს გავლენას, რა არჩევანსაც გავაკეთებთ (იესო ნავეს ძე 24:15).

არსებობს კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი, რის გამოც ღვთისმოშიში ადამიანები ზურგს აქცევენ ასტროლოგიასა და მკითხაობას: მომავლის განჭვრეტის ამგვარ მეთოდებს ღმერთი განსჯის. ბიბლიაში ვკითხულობთ: „არ იყოს თქვენ შორის . . . მარჩიელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მკითხავს, და არც მკვდართა გამომკითხველი. ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას“ a (კანონი 18:10—12).

a უზენაესი ღვთის საკუთარი სახელი (ფსალმუნი 83:18).