თქვენ შეგიძლიათ მარადიულად იცხოვროთ დედამიწაზე!
ᲣᲑᲠᲐᲚᲝᲓ ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ, ჩვენი შემოქმედი გვპირდება, რომ მარადიულად ვიცოცხლებთ აქ, დედამიწაზე! თუმცა ბევრს ეს დაუჯერებლად მიაჩნია. ისინი ამბობენ, რომ ადრე თუ გვიან ყველა კვდება და, რომ სიკვდილი ბუნებრივი მოვლენაა. ზოგი კი თვლის, რომ მარადიული სიცოცხლე შესაძლებელია, მაგრამ არა დედამიწაზე. მათი აზრით, ადამიანი მარადიულობის მოზიარე მაშინ გახდება, როცა სიკვდილის შემდეგ ზეცაში ღმერთთან დაიდებს ბინას. თქვენ რას ფიქრობთ?
ვიდრე გადაჭრით იტყოდეთ რამეს, კარგი იქნება, მხედველობაში მიიღოთ ბიბლიის თვალსაზრისი. სწორედ ის პასუხობს ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე, როგორიცაა: რა ამტკიცებს, რომ ადამიანი მარადიული სიცოცხლისთვისაა შექმნილი? რა იყო ღვთის თავდაპირველი განზრახვა დედამიწის და კაცობრიობის მიმართ? როგორ აღმოჩნდა ადამიანთა მოდგმა სიკვდილის ტყვეობაში?
ᲣᲜᲘᲙᲐᲚᲣᲠᲘ ᲥᲛᲜᲘᲚᲔᲑᲐ
დედამიწაზე ცოცხალ ქმნილებათა შორის ადამიანი უნიკალური და გამორჩეულია. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთმა მხოლოდ ადამიანი შექმნა თავის ანარეკლად და მსგავსებად (დაბადება 1:26, 27). ამაში იგულისხმება ის, რომ ადამიანს შეუძლია ისეთივე თვისებები გამოავლინოს, როგორსაც ღმერთი ავლენს, მაგალითად, სიყვარული და სამართლიანობა.
ამასთან, ჩვენ გვაქვს აზროვნების და განსჯის უნარი, შეგვიძლია სწორი არასწორისგან გავარჩიოთ და სულიერი მოთხოვნილებები დავიკმაყოფილოთ. ამიტომაც ვაცნობიერებთ, რაოდენ უკიდეგანოა სამყარო და რამდენად საოცარია ბუნება. მეტიც, ჩვენ ვტკბებით მუსიკით, პოეზიით, სახვითი ხელოვნებით. რაც ყველაზე მთავარია, შეგვიძლია თაყვანი ვცეთ ჩვენს შემოქმედს. სწორედ ამიტომ გამოვირჩევით დანარჩენი ცოცხალი ქმნილებებისგან, რაც კი დედამიწაზე არსებობს.
დაფიქრდით: განა დაგვაჯილდოებდა ღმერთი ასეთი უნიკალური თვისებებით ან გვექნებოდა მათი განვითარებისა და დახვეწის უსაზღვრო შესაძლებლობები, თუკი ჩვენი სიცოცხლე ასეთი ხანმოკლე უნდა ყოფილიყო?! სინამდვილეში ღმერთმა ყველა ეს თვისება თუ უნარი იმიტომ გვიბოძა, რომ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლით დავმტკბარიყავით.
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲗᲐᲕᲓᲐᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲖᲠᲐᲮᲕᲐ
ზოგის აზრით, ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი იმისთვის, რომ დედამიწაზე მარადიულად ეცხოვრა. ისინი მიიჩნევენ, რომ დედამიწა დროებითი საცხოვრებელია, ერთგვარი გამოსაცდელი ადგილი, რათა დადგინდეს, ვინ დაიმკვიდრებს მარადიულ სამყოფელს ზეცაში. თუ ასეა, გამოდის, რომ ღმერთი ყოფილა ყველა იმ უბედურებისა და ბოროტების თავი და თავი, რაც კი დედამიწაზე ხდება. მაგრამ შეუძლებელია, კანონი 32:4).
ეს ასე იყოს, რადგან ბიბლიაში ღვთის შესახებ ნათქვამია: „სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლოდ არასოდეს მოქმედებს. მართალი და სამართლიანია იგი“ (ბიბლიიდან ნათლად ჩანს ღვთის თავდაპირველი განზრახვა დედამიწასთან მიმართებით: „იეჰოვასია ზეცა, დედამიწა კი ადამიანებს მისცა“ (ფსალმუნი 115:16). დიახ, ღმერთმა დედამიწა იმიტომ შექმნა, რომ ადამიანებს მუდმივი საცხოვრებელი ჰქონოდათ. უფრო მეტიც, მან დედამიწაზე ყველანაირი პირობა შექმნა საიმისოდ, რომ მათ აზრიანად და, თანაც, მარადიულად ეცხოვრათ (დაბადება 2:8, 9).
„იეჰოვასია ზეცა, დედამიწა კი ადამიანებს მისცა“ (ფსალმუნი 115:16)
ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რა არის ღვთის განზრახვა კაცობრიობის მიმართ. მან პირველ წყვილს ასეთი დავალება მისცა: „აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“ (დაბადება 1:28). რამხელა პატივი იყო მათთვის, მოევლოთ სამოთხისთვის და გაეფართოებინათ მისი საზღვრები! ასე რომ, ადამსა და ევას თავიანთ შთამომავლებთან ერთად მარადიულად არათუ ზეცაში, არამედ დედამიწაზე უნდა ეცხოვრათ.
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲕᲙᲕᲓᲔᲑᲘᲗ?
მაშ, რატომ ვკვდებით? ერთმა სულიერმა ქმნილებამ, რომელსაც ბიბლია სატანა ეშმაკის სახელით მოიხსენიებს, ღვთის განზრახვის ჩაშლა სცადა. რა მოიმოქმედა მან?
სატანამ ჩვენი წინაპრები, ადამი და ევა, ღვთისადმი დაუმორჩილებლობისკენ წააქეზა. სატანის მტკიცებით, ღმერთი მათ რაღაც კარგს უმალავდა, ანუ არ აძლევდა უფლებას, თავად განესაზღვრათ, რა იყო სწორი და რა — არასწორი. ადამმა და ევამ დაუჯერეს სატანას და ღმერთს ზურგი აქციეს. შედეგად, როგორც ღმერთს ჰქონდა მათთვის ნათქვამი, დაბერდნენ და მოკვდნენ. მათ დაკარგეს დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა (დაბადება 2:17; 3:1—6; 5:5).
მათი ურჩობის შედეგებს დღემდე ვიმკით. ღვთის სიტყვაში წერია: „ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე“ (რომაელები 5:12). ასე რომ, ჩვენ ვკვდებით არა იმიტომ, რომ უფალმა ინება ასე, არამედ იმიტომ, რომ ცოდვა და სიკვდილი ადამისა და ევასგან მემკვიდრეობით გადმოგვეცა.
ᲗᲥᲕᲔᲜ ᲨᲔᲒᲘᲫᲚᲘᲐᲗ ᲛᲐᲠᲐᲓᲘᲣᲚᲐᲓ ᲘᲪᲮᲝᲕᲠᲝᲗ ᲓᲔᲓᲐᲛᲘᲬᲐᲖᲔ
იმის მიუხედავად, რაც ედემის ბაღში მოხდა, ღვთის განზრახვა არ ჩაშლილა. ღმერთმა, რომელიც სრულყოფილად ავლენს სიყვარულს და სამართლიანობას, იზრუნა, რომ ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან დავეხსენით. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთისგან ბოძებული ძღვენი — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რომაელები 6:23). ღმერთს იმდენად უყვარს ადამიანები, რომ „თავისი მხოლოდშობილი ძე [იესო ქრისტე] მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). იესომ საკუთარი ნებით გაიღო თავისი სიცოცხლე და გამოგვისყიდა — ის დაგვიბრუნებს ყველაფერს, რაც ადამმა წაგვართვა. a
ღვთის დაპირებისამებრ, მალე დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. თქვენ საკუთარი თვალით იხილავთ ამ დანაპირების შესრულებას, თუ ყურად იღებთ იესოს მოწოდებას: „შედით ვიწრო ჭიშკრით, რადგან განიერია ჭიშკარი, რომელშიც მრავალი შედის, და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს კაცი; ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს კაცი, და ცოტანი პოვებენ მას“ (მათე 7:13, 14). ასე რომ, თქვენი მომავალი თქვენს ხელშია! როგორ არჩევანს გააკეთებთ?
a მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სიკეთე მოაქვს თქვენთვის იესოს გამოსასყიდს, იხილეთ წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ 27-ე გაკვეთილში. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. უფასოდ ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ვებგვერდიდან www.isa4310.com.