ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 47
ყოველთვის ძლიერ გიყვარდეთ ერთმანეთი
„გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან სიყვარული ღვთისგანაა“ (1 ᲘᲝᲐᲜ. 4:7).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 109 გულითადად გიყვარდეთ
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a
1, 2. ა) რატომ თქვა პავლე მოციქულმა, რომ სიყვარული უდიდესია? ბ) რომელ კითხვებზე ვიმსჯელებთ?
ᲛᲐᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ, რაც რწმენაზე, იმედსა და სიყვარულზე ისაუბრა, მოციქულმა პავლემ ასეთი რამ თქვა: „ამ სამიდან სიყვარული უდიდესია“ (1 კორ. 13:13). რატომ თქვა მან ეს სიტყვები? ახალ ქვეყნიერებაში აღარ დაგვჭირდება ღვთის დაპირებებისადმი რწმენის გამოვლენა, რადგან ყველა დაპირება შესრულებული იქნება. იმავეს თქმა შეიძლება იმედზეც. მაგრამ სიყვარული დროსთან ერთად არ დაკარგავს ფასს. მეტიც, ჩვენ მარადიულად გავიძლიერებთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს.
2 აქედან გამომდინარე, ღირს სამ კითხვაზე დავფიქრდეთ: 1) რატომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი? 2) როგორ გამოვავლინოთ სიყვარული? 3) რა დაგვეხმარება, რომ ყოველთვის ძლიერ გვიყვარდეს ერთმანეთი?
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲕᲘᲧᲕᲐᲠᲓᲔᲡ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲘ?
3. რატომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი?
3 რატომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი? ამის არაერთი მიზეზი გვაქვს, მაგრამ მოდი რამდენიმეზე ვისაუბროთ. ერთი ისაა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანი სწორედ სიყვარულია. იესომ მოციქულებს უთხრა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:35). ამასთანავე, სიყვარულის წყალობით ჩვენ შორის ერთობა სუფევს. როგორც პავლემ თქვა, სიყვარული „სრულყოფილი გამაერთიანებელი კავშირია“ (კოლ. 3:14). თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რაზეც იოანე მოციქულმა თავის წერილში გაამახვილა ყურადღება: „ვისაც ღმერთი უყვარს, თავისი ძმაც უნდა უყვარდეს“ (1 იოან. 4:21). ასე რომ, თუ გვიყვარს ერთმანეთი, ღმერთსაც ვუმტკიცებთ სიყვარულს.
4, 5. მაგალითის მეშვეობით ახსენით, რა კავშირია ღვთისა და თანაქრისტიანების სიყვარულს შორის.
4 რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ღვთისა და და-ძმების სიყვარულს შორის მჭიდრო კავშირია? ამის უკეთ დასანახვებლად მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ექიმმა შეიძლება პაციენტს პულსი გაუსინჯოს, რომ გაიგოს როგორია მისი გულისცემა — ძლიერი თუ სუსტი, და ამგვარად გარკვეული წარმოდგენა შეიქმნას მისი გულის მდგომარეობაზე. როგორ მიესადაგება ეს მაგალითი ჩვენს განსახილველ საკითხს?
5 და-ძმებისადმი ჩვენი სიყვარულიც იმის ერთგვარი ინდიკატორია, თუ რამდენად გვიყვარს ღმერთი. თუ შევნიშნეთ, რომ და-ძმები უწინდელივით ძლიერ აღარ გვიყვარს, ეს შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ღვთისადმი სიყვარულიც გაგვინელდა. და პირიქით, თუ ყოველთვის ვავლენთ თანაქრისტიანებისადმი სიყვარულს, ეს იმაზე მოწმობს, რომ ჩვენი გული ღვთის სიყვარულით ძგერს.
6. რატომაა საგანგაშო, თუ და-ძმების სიყვარული გაგვინელდა? (1 იოანე 4:7—9, 11).
6 მოციქული იოანეს სიტყვებიდანაც ჩანს, რამდენად მჭიდრო კავშირია და-ძმებისა და იეჰოვას სიყვარულს შორის. მან ასეთი რამ დაწერა: „ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს“ (1 იოან. 4:20). გამოდის, რომ თუ და-ძმების სიყვარულში მოვიკოჭლებთ, იეჰოვასთანაც გვიფუჭდება ურთიერთობა. ის ჩვენდამი კეთილგანწყობილი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ერთმანეთი გვეყვარება (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:7—9, 11).
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲛᲝᲕᲐᲕᲚᲘᲜᲝᲗ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ?
7, 8. როგორ დავუმტკიცოთ ერთმანეთს სიყვარული?
7 ღვთის სიტყვაში არაერთხელ გვხვდება მოწოდება, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი (იოან. 15:12, 17; რომ. 13:8; 1 თეს. 4:9; 1 პეტ. 1:22; 1 იოან. 4:11). თუმცა, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ის მხოლოდ გრძნობის დონეზე კი არ დარჩეს, არამედ და-ძმებს სიტყვითაც და საქმითაც დავუმტკიცოთ სიყვარული?
8 ბიბლიაში არაერთ მოწოდებას ვხვდებით, რომლებიც გვეხმარება, და-ძმებს სიყვარული დავუმტკიცოთ. მაგალითად: „სიმართლე ელაპარაკეთ ერთმანეთს“ (ზაქ. 8:16); „მშვიდობიანად იყავით ერთმანეთთან“ (მარ. 9:50); „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომ. 12:10); „გულთბილად მიიღეთ ერთმანეთი“ (რომ. 15:7); „მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლ. 3:13); „ატარეთ ერთმანეთის ტვირთი“ (გალ. 6:2); „ანუგეშეთ ერთმანეთი“ (1 თეს. 4:18); „აღაშენეთ ერთმანეთი“ (1 თეს. 5:11); „ილოცეთ ერთმანეთისთვის“ (იაკ. 5:16).
9. რატომ ვამბობთ, რომ ნუგეშისცემა სიყვარულის დამტკიცების შესანიშნავი საშუალებაა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
9 როგორც წინა აბზაციდან დავინახეთ, ერთ-ერთი, რითაც და-ძმებს სიყვარულს ვუმტკიცებთ, მათთვის ნუგეშისცემაა. რატომ ვამბობთ ამას? ერთი ნაშრომის თანახმად, 1 თესალონიკელების 4:18-ში „ნუგეშისცემად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა განსაცდელში მყოფი ადამიანის გვერდში დგომისა და გამხნევების აზრს ატარებს. ასე რომ, როცა განსაცდელში მყოფ თანაქრისტიანს ვანუგეშებთ, მას ვეხმარებით, რომ წამოდგეს და განაგრძოს სიცოცხლის გზაზე სვლა. ეს სიყვარულის დამტკიცების მართლაც შესანიშნავი შესაძლებლობაა (2 კორ. 7:6, 7, 13).
10. რა აღგვძრავს, ვანუგეშოთ სხვები?
10 სხვების ნუგეშისცემისკენ თანაგრძნობა აღგვძრავს. როცა სხვას გასაჭირში ვხედავთ, ჩვენ იმის სურვილი გვიჩნდება, რომ შევუმსუბუქოთ მდგომარეობა. ამის საუკეთესო მაგალითს იეჰოვა გვაძლევს. მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ ის არის „თანამგრძნობი მამა და ყოველმხრივ ნუგეშისმცემელი ღმერთი“ (2 კორ. 1:3). იეჰოვას თამამად შეიძლება ეწოდოს „თანამგრძნობი მამა“, რადგან უზომოდ შესტკივა გული ადამიანებზე. თანაგრძნობა კი იმისკენ აღძრავს, რომ „ნებისმიერი გასაჭირის დროს“ გვანუგეშოს (2 კორ. 1:4). ჩვენ როგორ მივბაძოთ ზეციერ მამას? მოდი გავიგოთ, რა გაგვიადვილებს თანაგრძნობის გამოვლენას და სხვების ნუგეშისცემას.
11. კიდევ რა თვისებები უნდა განვივითაროთ, რომ შევძლოთ სხვების ნუგეშისცემა? (კოლოსელები 3:12; 1 პეტრე 3:8).
11 ზოგიერთი თვისება, რომლებიც დაგვეხმარება, არასდროს დავიღალოთ სხვების ნუგეშით, კოლოსელების 3:12-სა და 1 პეტრეს 3:8-შია მოხსენიებული (წაიკითხეთ). თუ ეს თვისებები ჩვენი პიროვნების განუყოფელი ნაწილი გახდება, ჩვენ ბუნებრივად გაგვიჩნდება სხვების ნუგეშისცემის სურვილი. იესომაც ხომ თქვა: „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს. კარგ კაცს თავისი კარგი საგანძურიდან კარგი გამოაქვს“ (მათ. 12:34, 35). ნამდვილად, სხვების ნუგეშისცემა მათთვის სიყვარულის დამტკიცების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ᲠᲐ ᲓᲐᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ, ᲧᲝᲕᲔᲚᲗᲕᲘᲡ ᲫᲚᲘᲔᲠ ᲒᲕᲘᲧᲕᲐᲠᲓᲔᲡ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲘ?
12. ა) რა საფრთხის წინაშე ვდგავართ? ბ) რაზე ვიმსჯელებთ?
12 ფაქტია, თითოეული ჩვენგანის სურვილია, რომ „გვიყვარდეს ერთმანეთი“ (1 იოან. 4:7). თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რის შესახებ გაგვაფრთხილა იესომ. მან თქვა: „უმეტესობას სიყვარული გაუნელდება“ (მათ. 24:12). როცა ეს სიტყვები წარმოთქვა, იესოს უმთავრესად თავისი მოწაფეები არ ჰყოლია მხედველობაში. და მაინც, ძალიან დიდია იმის საფრთხე, რომ ამ უსიყვარულო ქვეყნიერებაში ჩვენც გაგვინელდეს თბილი გრძნობები. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია, შევამოწმოთ, რამდენად ძლიერ გვიყვარს და-ძმები. ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.
13. რა შეიძლება იყოს ჩვენი სიყვარულის ინდიკატორი?
13 ის, თუ რამდენად გვიყვარს და-ძმები, შეიძლება სხვადასხვა ცხოვრებისეულმა სიტუაციამ დაგვანახვოს (2 კორ. ). პეტრე მოციქულმა თქვა: „მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ ( 8:81 პეტ. 4:8). შესაბამისად, ის, თუ როგორ ვრეაგირებთ სხვების სისუსტეებსა და ნაკლოვანებებზე, იმის ერთგვარი ინდიკატორია, რამდენად გვიყვარს ისინი.
14. როგორ სიყვარულზე საუბრობდა პეტრე? (1 პეტრე 4:8).
14 მოდი კარგად დავუკვირდეთ პეტრეს სიტყვებს. მე-8 მუხლის დასაწყისში ის ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას, რომ „მთელი გულით“ გვიყვარდეს ერთმანეთი. ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნა, როგორც „მთელი გულით“, სიტყვასიტყვით ნიშნავს „გაჭიმულს“. მუხლის მეორე ნაწილიდან ვხედავთ, რას შეგვაძლებინებს ასეთი სიყვარული — ის და-ძმების ცოდვებს დაფარავს. სიყვარული შეიძლება ელასტიურ ნაჭერს შევადაროთ, რომელიც უფრო და უფრო მეტ რამეს დაფარავს, თუ გავწელავთ. დიახ, თუ მთელი გულით გვიყვარს და-ძმები, მათთვის ერთი და ორი შეცდომის კი არა, „უამრავი ცოდვის“ პატიებაც არ გაგვიჭირდება.
15. საიდან გამოჩნდება, რომ ძლიერ გვიყვარს და-ძმები? (კოლოსელები 3:13).
15 ჩვენ მაშინაც უნდა შევძლოთ და-ძმების პატიება, როცა ეს განსაკუთრებით რთული გვეჩვენება (წაიკითხეთ კოლოსელების 3:13). თუ ასე მოვიქცევით, ცხადვყოფთ, რომ ძლიერ გვიყვარს ისინი და გვსურს, იეჰოვას გავუხაროთ გული. კიდევ რა დაგვეხმარება, რომ არ გაგვაღიზიანოს სხვების ნაკლოვანებებმა და თვალი დავხუჭოთ მათ შეცდომებზე?
16, 17. კიდევ რა დაგვეხმარება, რომ თვალი დავხუჭოთ და-ძმების შეცდომებზე? მოიყვანეთ მაგალითი (იხილეთ აგრეთვე სურათი).
16 ეცადეთ, და-ძმებში უარყოფითი კი არა, კარგი დაინახოთ. მოდი ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ: წარმოიდგინეთ, რომ მეგობრებთან სასიამოვნოდ დროის გატარების შემდეგ გადაწყვიტეთ, საერთო სურათი გადაიღოთ. ალბათ, ყოველი შემთხვევისთვის მხოლოდ ერთს კი არა, რამდენიმე ფოტოს გადაიღებთ. შემდეგ კი გადარჩევის დროს წაშლით ისეთ ფოტოებს, სადაც ვინმე არ იღიმის ან ცუდად გამოიყურება და საბოლოოდ იმ კადრს შეინახავთ, სადაც ყველა კარგად გამოვიდა.
17 ასე უნდა მოვიქცეთ და-ძმებთან ურთიერთობის დროსაც. ფაქტია, ზოგჯერ შეიძლება მათგან რაღაც გვეწყინოს. თუმცა ცუდი კადრების მსგავსად, ასეთი მოგონებები ჩვენი მეხსიერებიდან, ასე ვთქვათ, უნდა ამოვშალოთ და მხოლოდ კარგი მოგონებები შევინახოთ, რომლებიც გაცილებით მეტი გვაქვს (იგავ. 19:11; ეფეს. 4:32). და-ძმების პატარ-პატარა შეცდომები მართლაც არაფერია იმ უამრავ კარგ მოგონებასთან შედარებით, რომლებიც მათთან გვაკავშირებს.
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ ᲒᲐᲜᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲘᲗ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲓᲦᲔᲡ?
18. რა ვისწავლეთ ამ სტატიიდან?
18 რა ვისწავლეთ ამ სტატიიდან? რატომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი? იმიტომ რომ, თუ გვიყვარს ერთმანეთი, ასე იეჰოვასაც ვუმტკიცებთ სიყვარულს. როგორ გამოვავლინოთ და-ძმების მიმართ სიყვარული? სიყვარულის გამოვლენის ერთ-ერთი გზა მათი ნუგეშისცემაა. ამისკენ კი თანაგრძნობა უნდა აღგვძრავდეს. და ბოლოს, რა დაგვეხმარება, რომ ყოველთვის ძლიერ გვიყვარდეს ერთმანეთი? ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ყველანაირად ვეცდებით, თვალი დავხუჭოთ მათ შეცდომებზე.
19. რატომ არის და-ძმების სიყვარული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეს?
19 რატომ არის და-ძმების სიყვარული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეს? მიზეზი პეტრეს სიტყვებიდან ჩანს: „მოახლოვდა ყველაფრის დასასრული. ამიტომ . . . მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი“ (1 პეტ. 4:7, 8). ვიცით, რომ ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებასთან ერთად, ცხოვრება კიდევ უფრო გართულდება. თავის მიმდევრებს იესომ ასეთი რამ უთხრა: „ყველა ხალხი შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო“ (მათ. 24:9). ასეთი სიძულვილის მიუხედავად იეჰოვას ერთგულები რომ დავრჩეთ, ერთობა უნდა შევინარჩუნოთ. ერთობის შენარჩუნებაში კი სიყვარული დაგვეხმარება, რადგან „ის სრულყოფილი გამაერთიანებელი კავშირია“ (კოლ. 3:14; ფილ. 2:1, 2). თუკი ძლიერ გვეყვარება და-ძმები, სატანის ნებისმიერი მცდელობა, რომ ჩვენი ერთობა დაარღვიოს, კრახით დასრულდება.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 130 იყავი მიმტევებელი
a დღეს და-ძმების სიყვარული ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ამ სტატიიდან გავიგებთ, რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს და როგორ დავუმტკიცოთ ერთმანეთს სიყვარული.