არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიოგრაფია

გადავწყვიტე, ქრისტეს ჯარისკაცი ვყოფილიყავი

გადავწყვიტე, ქრისტეს ჯარისკაცი ვყოფილიყავი

გარშემო ტყვიები ზუზუნებდა. დანებების ნიშნად ფრთხილად ავწიე ზემოთ თეთრი ცხვირსახოცი. ჯარისკაცებმა დამიყვირეს, რომ სამალავიდან გამოვსულიყავი. ფრთხილად მივუახლოვდი მათ. არ ვიცოდი, ცოცხალს დამტოვებდნენ თუ არა. როგორ აღმოვჩნდი ასეთ საშინელ მდგომარეობაში?

დავიბადე 1926 წელს საბერძნეთის პატარა სოფელ კარიცაში. შრომისმოყვარე მშობლები მყავდა. რვა დედმამიშვილს შორის მე მეშვიდე ვიყავი.

ჩემს დაბადებამდე ერთი წლით ადრე ჩემს მშობლებს უქადაგა იოანის პაპარიზოსმა, რომელიც გულანთებული და ლაპარაკის მოყვარული ბიბლიის მკვლევარი იყო (ასე ერქვათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს). წმინდა წერილებზე იოანისის ლოგიკურმა მსჯელობამ ჩემს მშობლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამიტომ მათ ჩვენს სოფელში ბიბლიის მკვლევართა შეხვედრებზე დასწრება დაიწყეს. დედაჩემს იეჰოვა ღმერთის მიმართ ურყევი რწმენა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ წერა-კითხვა კარგად არ იცოდა, ის ხელიდან არ უშვებდა სხვებთან თავის რწმენაზე საუბრის შესაძლებლობას. სამწუხაროდ, მამაჩემმა სხვების არასრულყოფილებაზე გაამახვილა ყურადღება და ნელ-ნელა შეწყვიტა ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება.

მე და ჩემი და-ძმები პატივს ვცემდით ბიბლიას, მაგრამ თამაშსა და გართობას ვიყავით გადაყოლილები. 1939 წელს, როცა ევროპა მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლში გაეხვა, ჩვენს სოფელში მომხდარმა ამბავმა თავზარი დაგვცა. ჩვენი ბიძაშვილი, 20 წლის ნიკოლას სარასი, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა, ახალი მონათლული იყო, როცა საბერძნეთის ჯარში გაიწვიეს. ნიკოლასმა გაბედულად განუცხადა სამხედრო პირებს: „ვერ ვიბრძოლებ, რადგან მე ქრისტეს ჯარისკაცი ვარ“. ის სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა და ათი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამ ამბავმა გაგვაოგნა!

საბედნიეროდ, როცა 1941 წლის დასაწყისში მოკავშირეთა ჯარი მცირე ხნით შევიდა საბერძნეთში, ნიკოლასი გაათავისუფლეს საპატიმროდან. კარიცაში დაბრუნებულ ნიკოლასს ჩემმა უფროსმა ძმამ ილიასმა ბიბლიის შესახებ ბევრი კითხვა დაუსვა. მე გულისყურით ვუსმენდი მათ. შედეგად, მე, ილიასმა და ჩემმა უმცროსმა დამ ეფმორფიამ ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ და კრების ყველა შეხვედრას ვესწრებოდით. მომდევნო წელს სამივემ მივუძღვენით თავი იეჰოვას და მოვინათლეთ. მოგვიანებით ჩვენი და-ძმებიდან კიდევ ოთხი გახდა იეჰოვას ერთგული მოწმე.

1942 წელს კარიცის კრებაში 15—25 წლამდე ასაკის ცხრა ახალგაზრდა იყო. ყველამ ვიცოდით, რომ მძიმე განსაცდელებს შევხვდებოდით. ამიტომ სულიერად რომ გავძლიერებულიყავით, ერთად ვიკრიბებოდით ბიბლიის შესასწავლად, ვმღეროდით ჩვენს სიმღერებს და ვლოცულობდით. ამან რწმენა განგვიმტკიცა.

დემეტრიოსი თავის მეგობრებთან ერთად კარიცაში

სამოქალაქო ომი

მეორე მსოფლიო ომის მიწურულს კომუნისტები აუჯანყდნენ საბერძნეთის მთავრობას, რის გამოც სამოქალაქო ომი გაჩაღდა. კომუნისტი პარტიზანები სოფლებში დათარეშობდნენ და აიძულებდნენ სოფლის მცხოვრებთ, მათ რიგებს შეერთებოდნენ. ჩვენი სოფლიდან მათ სამი ახალგაზრდა გაგვიტაცეს — მე, ილიასი და ანტონიო სუკარისი. ვემუდარებოდით, რომ გავეშვით, რადგან ქრისტიანები ვიყავით და ნეიტრალური პოზიცია გვეკავა. მაგრამ მათ გვაიძულეს, ოლიმპის მთაზე გავყოლოდით, რომელიც ჩვენი სოფლიდან დაახლოებით 12 საათის სავალზე იყო.

ამის შემდეგ მალევე კომუნისტმა ოფიცერმა გვიბრძანა, პარტიზანებთან ერთად წავსულიყავით სათარეშოდ. როცა ავუხსენით, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები იარაღს მოყვასის წინააღმდეგ არ იღებდნენ, განრისხებულმა ოფიცერმა გენერალთან მიგვათრია. გენერალსაც იგივე გავუმეორეთ, ამიტომ მან გვითხრა: „მაშინ წაიყვანეთ ჯორი და დაჭრილები საველე ჰოსპიტალში გადაიყვანეთ“.

„მთავრობის ჯარისკაცებმა რომ დაგვიჭირონ, მებრძოლებად არ ჩაგვთვლიან?!“ — ვკითხეთ ჩვენ. „მაშინ ფრონტი საკვებით მოამარაგეთ“, — გვითხრა მან. „მაგრამ, როგორ მოვიქცეთ, თუ ოფიცერი ჯორით დაგვინახავს და ფრონტზე იარაღის მიტანას დაგვავალებს?!“. გენერალი ჩაფიქრდა. ბოლოს გვითხრა: „მაშინ ცხვარი მწყემსეთ! დარჩით მთაში და მოუარეთ ფარებს!“.

ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ცხვრის მწყემსვით არაფერი დაშავდებოდა და ეს სამოქალაქო ომის მხარდაჭერაში არ ჩაგვეთვლებოდა. ერთი წლის შემდეგ ილიასს, როგორც უფროს ვაჟს, სახლში დაბრუნების უფლება მისცეს, რათა ჩვენს დაქვრივებულ დედაზე ეზრუნა. ანტონიო ავად გახდა და გაუშვეს, მე კი ისევ ტყვეობაში დავრჩი.

ამასობაში საბერძნეთის ჯარმა კომუნისტები საგრძნობლად შეავიწროვა. ის ჯგუფი, რომლის ტყვეც ვიყავი, შეეცადა, მთების გავლით მეზობელ ალბანეთში გადასულიყო. მოულოდნელად საზღვართან ახლოს მთავრობის ჯარისკაცებმა ალყაში მოგვაქციეს. პარტიზანები პანიკაში ჩაცვივდნენ და გაიქცნენ. მე წაქცეული ხის უკან დავიმალე. სწორედ მაშინ მოხდა ის, რაც დასაწყისში მოვიხსენიე.

როდესაც ჯარისკაცებს ვუთხარი, რომ კომუნისტების ტყვე ვიყავი, მათ სამხედრო ბანაკში დასაკითხად გადამიყვანეს ვერიასთან ახლოს, რომელიც ბიბლიურ დროში ბერეას სახელით იყო ცნობილი. მათ მიბრძანეს, სანგრები გამეთხარა, მაგრამ, როცა უარი ვთქვი, მეთაურმა ბრძანა, კუნძულ მაკრონისოსზე გადავეყვანე კატორღაში, რის გაგონებაც შიშის ზარს სცემდა ყველას.

შიშის კუნძული

მაკრონისოსი უდაბური, გახრიოკებული და კლდოვანი კუნძულია, სადაც ჩრდილს ვერ იპოვი. ის ათენიდან დაახლოებით 50 კილომეტრში ატიკას სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. კუნძულის სიგრძე სულ რაღაც 13 კილომეტრია, ხოლო მისი ყველაზე განიერი ნაწილი — 500 მეტრი. მიუხედავად ამისა, 1947—1958 წლებში ამ კუნძულზე 100 000-ზე მეტმა პატიმარმა მოიხადა სასჯელი; მათ შორის იყვნენ კომუნისტი აქტივისტები, კომუნისტობაში ეჭვმიტანილები, მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლები და ათობით ერთგული იეჰოვას მოწმე.

1949 წლის დასაწყისში, ამ კუნძულზე ჩემი გადასახლების დროს, პატიმრები რამდენიმე ბანაკად დაგვყვეს. მე მოვხვდი ბანაკში, სადაც მკაცრი რეჟიმი არ იყო. ამ ბანაკში რამდენიმე ასეული ადამიანი ვიყავით. ათკაციან ბრეზენტის კარავში დაახლოებით 40 კაცს პირდაპირ მიწაზე გვეძინა. აყროლებულ წყალს ვსვამდით და ძირითადად ოსპითა და ბადრიჯნით ვიკვებებოდით. გამუდმებული ქარი და მტვერი ცხოვრებას გაუსაძლისს ხდიდა. საბედნიეროდ, ჩვენ არ გვიწევდა ლოდების წინ და უკან თრევა. წამების ამ სადისტურმა მეთოდმა ბევრი პატიმარი ფიზიკურად და ემოციურად გატეხა.

სხვა გადასახლებულ თანაქრისტიანებთან ერთად კუნძულ მაკრონისოსზე

ერთხელ სანაპიროზე სხვა ბანაკებიდან რამდენიმე იეჰოვას მოწმეს შევხვდი. ამ შეხვედრამ ძალიან გაგვახარა. ყველა შესაძლებლობას ვიყენებდით ერთმანეთთან შესახვედრად, თუმცა დიდ სიფრთხილეს ვიჩენდით, რომ არავის შევემჩნიეთ. აგრეთვე ჩუმ-ჩუმად ვქადაგებდით სხვა პატიმრებთან, რომელთაგან ზოგი მოგვიანებით იეჰოვას მოწმე გახდა. გულმხურვალე ლოცვასთან ერთად ძმებთან შეხვედრა და ქადაგება სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში გვეხმარებოდა.

„გავარვარებულ ღუმელში“

ჩემი „გამოსწორების“ ათთვიანი მცდელობის შემდეგ ზედამხედველებმა გადაწყვიტეს, რომ დადგა დრო, სამხედრო ფორმა ჩამეცვა. მე უარი ვთქვი, ამიტომ მათ ბანაკის მეთაურთან მიმათრიეს. მეთაურს ფურცელი მივაწოდე, რომელზეც ეწერა: „მე მხოლოდ ქრისტეს ჯარისკაცი მინდა ვიყო“. დამუქრების შემდეგ მეთაურმა თავის მოადგილეს, ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსს გადამცა, რომელსაც ყველა რეგალია ერთად ჰქონდა ასხმული. როდესაც მის შეკითხვებს ბიბლიიდან გაბედულად ვუპასუხე, გაბრაზებულმა დაიღრიალა: „მომაშორეთ ეს ფანატიკოსი!“.

მეორე დილით ჯარისკაცები ისევ მაიძულებდნენ, ფორმა ჩამეცვა. მე კვლავ უარზე ვიყავი, ამიტომ მუშტებითა და ჯოხით მცემეს. ბოლოს ბანაკის ლაზარეთში წამიყვანეს იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ძვალი მთელი მქონდა, შემდეგ კი ისევ ჩემს კარავში მიმათრიეს. ორი თვის მანძილზე ეს ყოველდღე მეორდებოდა.

ვინაიდან კომპრომისზე არ წავედი, იმედგაცრუებულმა ჯარისკაცებმა ახალ ხერხს მიმართეს. ხელები ზურგს უკან შემიკრეს და ფეხის გულებზე გამეტებით მირტყეს თოკი. აუტანელი ტკივილის მიუხედავად, ვფიქრობდი იესოს სიტყვებზე: „ბედნიერნი ხართ, როცა გლანძღავენ [და] გდევნიან . . . იხარეთ და სიხარულით იხტუნეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც მსგავსად დევნიდნენ“ (მათ. 5:11, 12). როცა მეგონა, რომ ეს უსასრულოდ გაგრძელდებოდა, გონება დავკარგე.

გონზე გაყინულ საკანში მოვედი, სადაც არც პური მქონდა, არც წყალი და არც საბანი. მიუხედავად ამისა, თავს მშვიდად ვგრძნობდი. როგორც ბიბლიაში წერია, „ღვთის მშვიდობამ“ დაიცვა ჩემი გული და გონება (ფილ. 4:7). მეორე დღეს ერთმა კეთილმა ჯარისკაცმა პური, წყალი და პალტო მომცა. სხვა ჯარისკაცმა კი თავისი დღიური ულუფა დამითმო. ამ და სხვა შემთხვევებმა მაგრძნობინა, რომ იეჰოვა სათუთად ზრუნავდა ჩემზე.

ვინაიდან გამოუსწორებელ მეამბოხედ მთვლიდნენ, ათენში სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარმადგინეს. სამი წლით მომისაჯეს თავისუფლების აღკვეთა იაროსის კუნძულზე, რომელიც მაკრონისოსის აღმოსავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს.

„სანდო ხალხი ხართ“

იაროსის ციხე წითელი აგურით ნაშენი დიდი ციხესიმაგრე იყო, სადაც 5 000-ზე მეტი პოლიტპატიმარი იხდიდა სასჯელს. ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო ამ ციხეში ჩემ გარდა კიდევ ექვსი იეჰოვას მოწმე იყო. მკაცრი აკრძალვის მიუხედავად, შვიდივე ფარულად ვიკრიბებოდით ბიბლიის შესასწავლად. გარედან ჩუმად გვაწვდიდნენ „საგუშაგო კოშკს“, რომლის ასლებსაც შესწავლისთვის ხელით ვამზადებდით.

ერთ დღესაც ასე შეკრებილებს ბადრაგი დაგვადგა თავზე და ლიტერატურა წაგვართვა. ყველანი ციხის ზედამხედველის მოადგილესთან დაგვიბარეს. გვეგონა, რომ პატიმრობას გაგვიხანგრძლივებდნენ. მაგრამ მან გვითხრა: „კარგად ვიცით, ვინცა ხართ და პატივს ვცემთ თქვენს პოზიციას. ვიცით, რომ სანდო ხალხი ხართ. ახლა წადით და იმუშავეთ!“. ზოგიერთს მან სამუშაოც შეგვიმსუბუქა. გული მადლიერებით გვქონდა სავსე. ჩვენმა ერთგულებამ ციხეშიც კი განადიდა იეჰოვა.

ჩვენს სიმტკიცეს სხვა კარგი შედეგებიც მოჰყვა. ერთმა პატიმარმა, რომელიც მათემატიკის პროფესორი იყო და ჩვენს კარგ საქციელს აკვირდებოდა, ჩვენი რწმენის შესახებ კითხვები დაგვისვა. ისიც ჩვენთან ერთად გაათავისუფლეს ციხიდან 1951 წლის დასაწყისში. მოგვიანებით ის მოინათლა და სრული დროით მსახურება დაიწყო.

კვლავაც ქრისტეს ჯარისკაცი ვარ

ჩემს ცოლთან, ჯანეტთან ერთად

გათავისუფლების შემდეგ კარიცაში ოჯახს დავუბრუნდი. მოგვიანებით თანამემამულეებთან ერთად ავსტრალიის ქალაქ მელბურნში გადავსახლდი. იქ შევხვდი მშვენიერ ქრისტიან დას, ჯანეტს, რომელზეც დავქორწინდი. ჩვენ ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი გვეყოლა, რომლებიც ქრისტიანული პრინციპებით აღვზარდეთ.

უკვე 90 წელს გადაცილებული ვარ, თუმცა კრებაში ისევ ვმსახურობ უხუცესად. ზოგჯერ ძველი ტრავმები თავს მახსენებს; განსაკუთრებით ქადაგების შემდეგ მტკივა ხოლმე ფეხები. ამის მიუხედავად, კვლავაც მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, „ქრისტეს მეომრად“ დავრჩე (2 ტიმ. 2:3).