არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის უძველეს ხელნაწერებში ოთხი ებრაული თანხმოვნით წარმოდგენილი ღვთის სახელი უამრავ ადგილას გვხვდება

ბიბლიის თვალსაზრისი

ღვთის სახელი

ღვთის სახელი

მილიონობით ადამიანი ღმერთს ისეთი ტიტულებით მიმართავს, როგორიცაა უფალი, მარადარსებული, ალაჰი ან უბრალოდ ღმერთი. სინამდვილეში ღმერთს საკუთარი სახელი აქვს. უნდა მივმართოთ მას სახელით?

რა ჰქვია ღმერთს?

რას ამბობს ხალხი:

 

ბევრს, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებს, სჯერა, რომ ღმერთს იესო ჰქვია. სხვები კი ფიქრობენ, რომ ვინაიდან სამყაროში ერთადერთი ყოვლისშემძლე ღმერთი არსებობს, მისი სახელის გამოყენება საჭირო არ არის. არიან ისეთებიც, რომლებიც უმართებულოდ მიიჩნევენ, ღმერთს რაიმე სახელით მიმართონ.

რას ამბობს ბიბლია:

 

იესო არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი; აქედან გამომდინარე, „იესო“ არ არის ყოვლისშემძლე ღვთის სახელი. იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა, ლოცვის დროს ღვთისთვის ასეთი სიტყვებით მიემართათ: „მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (ლუკა 11:2). თავად იესოც მიმართავდა ღმერთს ლოცვით და ამბობდა: „მამა, განადიდე შენი სახელი“ (იოანე 12:28).

ღმერთი თავის სახელს ბიბლიის მეშვეობით გვიმჟღავნებს: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას“ (ესაია 42:8). ოთხი ებრაული თანხმოვნით, ჲჰვჰ-თი, წარმოდგენილი ღვთის სახელი ქართულად გადმოდის, როგორც „იეჰოვა“. ებრაულ წერილებში ეს სახელი დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება. * ღვთის სახელი ბიბლიაში გაცილებით ხშირადაა მოხსენიებული, ვიდრე მისი ისეთი ტიტულები, როგორიცაა „ღმერთი“, „ყოვლისშემძლე“ ან „უფალი“. გარდა ამისა, იეჰოვა ყველა საკუთარ სახელზე, მაგალითად აბრაამზე, მოსესა და დავითზე, ხშირადაა ნახსენები.

ბიბლიაში ვერსად ნახავთ ისეთ აზრს, რომ იეჰოვა ადამიანებს უკრძალავდეს თავისი სახელის ღირსეულად გამოყენებას. პირიქით, ღვთის სიტყვიდან ჩანს, რომ ღვთის მსახურები თავისუფლად იყენებდნენ მის სახელს. აღსანიშნავია, რომ მათგან ზოგი თავის შვილს ისეთ სახელს არქმევდა, რომელიც ღვთის სახელს შეიცავდა. მაგალითად, სახელი „ელია“ ნიშნავს „ჩემი ღმერთი იეჰოვაა“, „ზაქარია“ კი — „იეჰოვას ახსოვს“. ასე რომ, ისინი ყოველდღიურ საუბრებში, ჩვეულებრივ, მოიხსენიებდნენ ღვთის სახელს (რუთი 2:4).

ღმერთს სურს, რომ ვიხსენიებდეთ მის სახელს. ბიბლია მოგვიწოდებს: „მადლობდეთ იეჰოვას, მოუხმეთ მის სახელს“ (ფსალმუნი 105:1). იეჰოვა თავის „სამახსოვრო წიგნშიც“ კი იწერს მათ, „ვინც მის სახელზე ფიქრობს“ (მალაქია 3:16).

„იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმუნი 83:18).

რას ნიშნავს ღვთის სახელი?

ზოგი სწავლული მიიჩნევს, რომ ებრაულ ენაზე სახელი „იეჰოვა“ ნიშნავს „აქცევინებს“, რაც იმ აზრს ატარებს, რომ ღმერთს შეუძლია საკუთარი თავი ან თავისი ქმნილებები იმად აქციოს, რადაც საჭიროა მისი ნების შესასრულებლად. მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს თუ შეეფერება ასეთი სახელი.

რა მნიშვნელობა აქვს ამის ცოდნას თქვენთვის?

 

ღვთის სახელის ცოდნა სწორ წარმოდგენას შეგიქმნით მასზე და გაგიადვილებთ მასთან დაახლოებას. ბოლოს და ბოლოს, განა შეიძლება ვინმესთან გქონდეს ახლო ურთიერთობა, თუ მისი სახელი არ იცი?! ის ფაქტი, რომ ღმერთმა თავისი სახელი გაგვიმჟღავნა, იმაზე მეტყველებს, რომ მას სურს, დავუახლოვდეთ (იაკობი 4:8).

დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა ყოველთვის გაამართლებს თავისი სახელის მნიშვნელობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის შეასრულებს თავის დანაპირებს. ამიტომაც ამბობს ბიბლია: „შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი“ (ფსალმუნი 9:10). ღვთისადმი ნდობას გაგიძლიერებთ იმის ცოდნა, თუ როგორი პიროვნება დგას მისი სახელის მიღმა — მოსიყვარულე, გულმოწყალე, თანამგრძნობი და სამართლიანი (გამოსვლა 34:5—7). მართლაც რა მანუგეშებელია იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვა ყოველთვის შეასრულებს თავის დანაპირებს და გამოავლენს თავის ძვირფას თვისებებს!

როგორც დავინახეთ, ყოვლისშემძლე ღვთის სახელის ცოდნა დიდი პატივია. თუ გვეცოდინება მისი სახელი, კურთხევები არც დღეს მოგვაკლდება და არც მომავალში. ღმერთი ასეთ პირობას იძლევა: „დავიცავ, რადგან გაიგო ჩემი სახელი“ (ფსალმუნი 91:14).

„ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (იოელი 2:32).

ღვთის სახელი რამდენიმე ენაზე

^ აბზ. 9 ბიბლიის ბევრი თარგმანიდან ამოღებულია ღვთის სახელი და ჩანაცვლებულია ტიტულით „უფალი“. ზოგ თარგმანში კი ღვთის სახელი მხოლოდ რამდენიმე მუხლში ან სქოლიოებში გვხვდება. ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ღვთის სახელი მოხსენიებულია ყველა იმ ადგილას, სადაც დედანში ეწერა.