არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ის, რაზეც განკითხვის დღის საათი მოასწავებს, არ შესრულდება, რადგან ღვთის დაპირების თანახმად, კაცობრიობას ნათელი მომავალი ელის

მთავარი თემა | მართლა ემუქრება მსოფლიოს განადგურება?

რას ამბობს ბიბლია?

რას ამბობს ბიბლია?

მსოფლიოში არსებული სავალალო მდგომარეობის შესახებ ბიბლიაში საუკუნეებით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები. თუმცა ღვთის სიტყვა ნათელი მომავლის შესახებაც წინასწარმეტყველებს. ბიბლიაში მოცემული ეს დამაიმედებელი ცნობა უმალვე არ უნდა უგულებელვყოთ, რადგან მასში ჩაწერილი მრავალი წინასწარმეტყველება უკვე გასაოცარი სიზუსტით შესრულდა.

მოდი ვიმსჯელოთ შემდეგ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზე:

  • „ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ (მათე 24:7).

  • „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1—4).

ამ წინასწარმეტყველებებში აღწერილია, თუ რა საგანგაშო მდგომარეობა იქნებოდა მსოფლიოში. ეს მართლაც შეესაბამება სიმართლეს, რადგან დღეს მსოფლიო უმართავია და ადამიანებს არ ძალუძთ სიტუაციის გამოსწორება. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ადამიანებს არც სიბრძნე აქვთ და არც ძალა საიმისოდ, რომ სამუდამოდ გადაჭრან დღევანდელი პრობლემები. სწორედ ამას ესმება ხაზი შემდეგ ბიბლიურ მუხლებში:

  • „არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია, მისი ბოლო კი სიკვდილია“ (იგავები 14:12).

  • „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9).

  • „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა“ (იერემია 10:23).

თუ ადამიანები განაგრძობენ თავიანთ ნებაზე ცხოვრებას, გლობალური კატასტროფა მართლაც გარდაუვალი იქნება. მაგრამ ეს არ მოხდება! რის საფუძველზე ვამბობთ ამას? პასუხს მომდევნო მუხლებში ვკითხულობთ:

  • „მყარ საფუძველზე აფუძნებ [ღმერთო] დედამიწას, არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 104:5).

  • „თაობა მიდის, თაობა მოდის, დედამიწა კი მარადიულად რჩება“ (ეკლესიასტე 1:4).

  • „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).

  • „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:16).

ამ ბიბლიური მუხლებიდან ერთ დასკვნას ვაკეთებთ: კაცობრიობა არც ეკოლოგიური დაბინძურების, არც საკვების ან წყლის უკმარისობის, არც ეპიდემიებისა და არც ბირთვული კატასტროფის შედეგად განადგურდება, რადგან ჩვენი პლანეტის მომავალი ღვთის ხელშია. ღმერთმა ადამიანებს ნების თავისუფლება მისცა, რათა თავად გააკეთონ არჩევანი. თუმცა ისინი საკუთარი გადაწყვეტილების შედეგებს ვერ გაექცევიან (გალატელები 6:7). ერთი რამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ: მსოფლიო მემანქანის გარეშე დარჩენილ მატარებელს არ ჰგავს, რომელიც მალე კატასტროფას განიცდის. საბედნიეროდ, ღმერთმა ადამიანებს საზღვრები დაუდგინა, ამიტომ არ მისცემს მათ უფლებას, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს (ფსალმუნი 83:18; ებრაელები 4:13).

მაგრამ ღმერთი მხოლოდ ამას არ დასჯერდება. ის კაცობრიობას დიდ მშვიდობას მოუტანს (ფსალმუნი 37:11). ყოველივე ზემოთქმული მცირეოდენ წარმოდგენას გვიქმნის იმ ნათელ მომავალზე, რომლის შესახებაც მილიონობით იეჰოვას მოწმემ ბიბლიის შესწავლის შედეგად გაიგო.

იეჰოვას მოწმეები, სხვადასხვა ასაკისა თუ წარმომავლობის ადამიანები, საერთაშორისო საძმოს ქმნიან. ისინი ეთაყვანებიან ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, რომლის სახელსაც, იეჰოვას, ღვთის სიტყვა გვიმჟღავნებს. ამ ხალხს არ აშინებს მომავალი, რადგან ბიბლიაში ასეთ დამაიმედებელ სიტყვებს კითხულობენ: «აი რას ამბობს იეჰოვა, ცის შემოქმედი, ჭეშმარიტი ღმერთი, დედამიწის შემქმნელი და შემოქმედი, რომელმაც განამტკიცა იგი და ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად შექმნა: „მე ვარ იეჰოვა და სხვა არავინ არის!“» (ესაია 45:18).

ამ სტატიაში განხილულია ზოგი ბიბლიური სწავლება, რომელიც კაცობრიობისა და დედამიწის მომავალს ეხება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბროშურის „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“ მე-5 გაკვეთილი. ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.isa4310.com.

თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ უყუროთ ვიდეორგოლს „რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა?“, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.isa4310.com (იხილეთ პუბლიკაციები > ვიდეოები).