წარსულის სახეები
ერაზმუს დეზიდერიუსი
ერაზმუს დეზიდერიუსი (დაახლ. 1469—1536 წწ.) ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ევროპელ სწავლულად ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით მას ერესში დასდეს ბრალი და მხდალ ადამიანად შერაცხეს. არადა, გაცხარებული რელიგიური დებატების დროს მას ეყო გაბედულება, სააშკარაოზე გამოეტანა კათოლიკური ეკლესიის მანკიერებები და ემხილებინა ეგრეთ წოდებული რეფორმატორები. დღეს მიიჩნევენ, რომ სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი ევროპაში რელიგიური კლიმატის შეცვლაში.
მისი კვლევები და შეხედულებები
ერაზმუსი კარგად ფლობდა ბერძნულ და ლათინურ ენებს, რამაც შესაძლებლობა მისცა, ბიბლიის ლათინური თარგმანები, მაგალითად ლათინური ვულგატა, შეედარებინა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების უძველეს ხელნაწერებთან, რომლებიც ახალი აღთქმის სახელითაა ცნობილი. ის დარწმუნდა, რომ აუცილებელი იყო ბიბლიური ცოდნის მიღება. ამიტომ საჯაროდ განაცხადა, რომ წმინდა წერილები უნდა თარგმნილიყო იმ დროს გავრცელებულ სხვა ენებზეც.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ერაზმუსმა მოამზადა ნიადაგი კათოლიკური ეკლესიის რეფორმაციისთვის; მას სჯეროდა, რომ ქრისტიანობა იყო ცხოვრების გზა და არა უბრალოდ აზრს მოკლებული რიტუალების დაცვა. ეს ერთგვარი ბიძგი აღმოჩნდა რეფორმატორებისთვის, ხმა აემაღლებინათ რომის კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ; ისინი მოითხოვდნენ, რომ რომის ეკლესიას ცვლილებები მოეხდინა. კათოლიკური ეკლესიის მესვეურებმა ამ ყველაფრის მიღმა ერაზმუსის ხელი დაინახეს და მას ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება.
ერაზმუსს ეყო გაბედულება, სააშკარაოზე გამოეტანა კათოლიკური ეკლესიის მანკიერებები და ემხილებინა ეგრეთ წოდებული რეფორმატორები
ერაზმუსი თავის ნაშრომებში ირონიით მოიხსენიებდა დიდების მოყვარულ სასულიერო პირებს და ფარდას ხდიდა მათ მანკიერ მხარეებს; ის აგრეთვე ამხელდა პატივმოყვარე პაპებს, რომლებიც იწყნარებდნენ სისხლის ღვრას და იწონებდნენ ომებს. მისთვის სრულიად მიუღებელი იყო გაუმაძღარი და ანგარების მოყვარული მღვდლების საქციელი, რომლებიც ეკლესიაში დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებებს — აღსარებას, წმინდანების თაყვანისცემას, მარხვას და მიმლოცველობას — თავის სასარგებლოდ იყენებდნენ და ამგვარად მრევლს ექსპლუატაციას უწევდნენ. გარდა ამისა, ერაზმუსი არ ეთანხმებოდა ეკლესიის მიერ შემოღებულ დოგმებს — ინდულგენციებით ვაჭრობას და ცელიბატს.
ახალი აღთქმა ბერძნულ ენაზე
1516 წელს ერაზმუსმა გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი — ბერძნულ ენაზე შესრულებული ახალი აღთქმა. ეს იყო პირველი ოფიციალური ვერსია, რომელიც გამოიცა. ამ ნაშრომს დართული ჰქონდა კომენტარები და ერაზმუსის მიერვე ლათინურ ენაზე ნათარგმნი ქრისტიანულ-ბერძნული წერილები, რომელიც საკმაოდ განსხვავდებოდა ვულგატისგან. გარკვეული დროის შემდეგ მან განაგრძო ამ ვერსიაზე მუშაობა და უფრო დახვეწა ის; ამჯერად ეს ნაშრომი კიდევ უფრო მკვეთრად განსხვავდებოდა ლათინური ვულგატისგან.
ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ განსხვავდებოდა ერაზმუსის თარგმანი ლათინური ვულგატისგან, კარგად ჩანს 1 იოანეს 5:7-დან. არაბიბლიური სწავლების, სამების, მხარდასაჭერად ზოგმა ვულგატაში, ამ მუხლის მეორე ნაწილში ასეთი სიტყვები ჩაამატა: „რადგან სამნი მოწმობენ ცაზე: მამა, სიტყვა და სულიწმიდა, და ეს სამი ერთია“. საგულისხმოა, რომ ერაზმუსმა ეს სიტყვები ამოიღო ახალი აღთქმის თავისი პირველი ორი გამოცემიდან, რადგან არც ერთი ძველი ბერძნული ხელნაწერი არ შეიცავდა ამ ფრაზას. თუმცა ის მოგვიანებით ეკლესიამ აიძულა, თავის მესამე გამოცემაში ჩაეწერა ეს სიტყვები.
ერაზმუსის ახალი აღთქმის განახლებული გამოცემები საფუძვლად დაედო ევროპულ ენებზე შესრულებულ ბიბლიის გაცილებით უკეთეს თარგმანებს. მაგალითად, მარტინ ლუთერმა, უილიამ ტინდალმა, ანტონიო ბრუჩოლიმ და ფრანსისკო დე ენსინასმა სწორედ ამ გამოცემებით იხელმძღვანელეს ბერძნული წერილების გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ და ესპანურ ენებზე თარგმნის დროს.
ერაზმუსი ცხოვრობდა იმ გარდამტეხ პერიოდში, როცა რელიგიის საკითხი ძალიან მწვავედ იდგა და ხალხში დიდ ვნებათაღელვას იწვევდა. ამიტომ მის მიერ ბერძნულ ენაზე გამოცემული ახალი აღთქმა პროტესტანტი რეფორმატორებისთვის სერიოზულ საყრდენს წარმოადგენდა. ზოგი თავად ერაზმუსსაც რეფორმატორად მიიჩნევდა, სანამ რეფორმაციის პერიოდი არ დაიწყო, რასაც გაცხარებული თეოლოგიური დებატები მოჰყვა. მაშინ ერაზმუსმა უარი თქვა, ამ დებატების დროს რომელიმე მხარეს მიმხრობოდა. საინტერესოა ის, რაც 100 წელზე მეტი ხნის წინ სწავლულმა დეივიდ შაფმა დაწერა ერაზმუსზე: „იგი ისე მოკვდა, რომ არც ერთ რელიგიურ მიმდინარეობას არ მიეკუთვნებოდა. კათოლიკები არ აღიარებდნენ მას, ხოლო პროტესტანტებს არ შეეძლოთ მისი აღიარება“.