ვინ შექმნა?
მეთაფლია ფუტკრის დაფრენის სტრატეგია
მეთაფლია ფუტკარს შეუძლია ნებისმიერი დახრილობის ზედაპირზე უსაფრთხოდ დაეშვას. საინტერესოა, როგორ ახერხებს ის ამას.
დაფიქრდით: ფუტკარი რაიმე ობიექტის ზედაპირზე უსაფრთხოდ რომ დაეშვას, მასთან მიახლოებისას ფრენის სიჩქარეს თითქმის ნულამდე ამცირებს. ასეთი უსაფრთხო დაშვებისთვის საჭიროა ორი ძირითადი ფაქტორის, ფრენის სიჩქარისა და სამიზნემდე დარჩენილი მანძილის, ზუსტად განსაზღვრა, შემდეგ კი სიჩქარის შესაბამისად შემცირება. თუმცა ამის გაკეთება მწერების უმეტესი სახეობისთვის საკმაოდ რთულია, რადგან მათ თვალები ერთმანეთთან ახლოს აქვთ განლაგებული. გარდა ამისა, ამ მწერების თვალს ისეთი აგებულება აქვს, რომ არ შეუძლიათ სათანადოდ მოახდინონ ფოკუსირება და განსაზღვრონ მანძილი ობიექტამდე.
მეთაფლია ფუტკრის მხედველობა სრულიად განსხვავდება ადამიანის ბინოკულარული მხედველობისგან. ამ ფუტკრის შემთხვევაში საქმე ძალიან მარტივადაა — რაც უფრო უახლოვდება ობიექტს, ეს უკანასკნელი მისი მხედველობის არეში მით უფრო სწრაფად მატულობს ზომაში. ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადასტურდა, რომ, როცა მეთაფლია ფუტკარი ობიექტს უახლოვდება, მიზანმიმართულად ანელებს ფრენის სიჩქარეს, რათა ობიექტმა სწრაფად აღარ მოიმატოს ზომაში. ბოლოს, როცა მეთაფლია ფუტკარი სამიზნესთან იმდენად ახლოსაა, რომ სადაცაა დაფრინდება, სიჩქარეს თითქმის ნულამდე ამცირებს. სწორედ ეს ეხმარება, უსაფრთხოდ დაეშვას.
ერთ სამეცნიერო ჟურნალში აღნიშნულია: „დაშვების ასეთ გასაოცარ, თუმცა, ამავდროულად, მარტივ სტრატეგიაზე დაკვირვებით, მეცნიერები ცდილობენ, შექმნან მფრინავი რობოტების მართვის ისეთი მექანიზმი, რომელიც ამავე პრინციპით იმუშავებს“ (Proceedings of the National Academy of Sciences).
რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდა ფუტკარს დაფრენის ასეთი საოცარი უნარი, თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?