არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲛᲐᲗ ᲔᲡ ᲨᲔᲫᲚᲔᲡ!

რიკარდოსა და ანდრესის ისტორია

რიკარდოსა და ანდრესის ისტორია

ბიბლიურ განათლებას უდიდესი ძალა აქვს და ადამიანთა ცხოვრების შეცვლა შეუძლია. რიკარდოსა და ანდრესის ისტორია ამის თვალსაჩინო მაგალითია.

ᲠᲘᲙᲐᲠᲓᲝ: გარდატეხის ასაკში, 15 წლისა რომ ვიყავი, ერთ ბანდას შევუერთდი. ახალშეძენილმა მეგობრებმა ცუდი გავლენა მოახდინეს ჩემზე. იქ, სადაც ვცხოვრობდი, ყოფილ პატიმრებს დიდ პატივს სცემდნენ. მეც მინდოდა, აღიარებული ვყოფილიყავი. ამიტომ, ცოტა სულელურად კი ჟღერს, მაგრამ მიზნად დავისახე, 10 წელი ციხეში გამეტარებინა.

ისე ვცხოვრობდი, როგორც ყველა ბანდის წევრი. ნარკოტიკებს ვიღებდი, უზნეო ცხოვრებას ვეწეოდი და ძალადობას მივმართავდი. ერთ ღამეს სხვა ბანდასთან შეტაკება მოგვივიდა. მეგონა, სიკვდილს ვერ გადავურჩებოდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ სრულიად უვნებელი დავრჩი. მას შემდეგ სერიოზულად დავფიქრდი ჩემს ცხოვრებაზე, მიზნებზე, და გადავწყვიტე, რაღაც შემეცვალა. მაგრამ არ ვიცოდი, ეს როგორ გამეკეთებინა.

ვხედავდი, რომ ბევრი ჩემი ნათესავი უბედური იყო. ისინი პრობლემებში იხრჩობოდნენ, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი ერთ-ერთი ბიძის ოჯახზე. ისინი ბიბლიური ნორმებით ცხოვრობდნენ. მათგან გავიგე, რომ ღმერთს იეჰოვა ერქვა. ზემოთ ნახსენები შეტაკებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ ლოცვით მივმართე იეჰოვას, სახელით მოვუხმე მას და დახმარება ვთხოვე. ჩემდა გასაოცრად, მომდევნო დღეს ერთმა იეჰოვას მოწმემ მომაკითხა! სწორედ მან შემასწავლა ბიბლია.

მალე ძირეული ცვლილებები მოვახდინე საკუთარ თავში. ძველი მეგობრები ხშირად მირეკავდნენ და მეპატიჟებოდნენ. ადვილი არ იყო, მაგრამ ყოველთვის უარს ვეუბნებოდი. გადაწყვეტილი მქონდა, არ შემეწყვიტა ბიბლიის შესწავლა. მიხარია, რომ ეს შევძელი! ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა და ნამდვილი ბედნიერება შევიგრძენი.

მახსოვს, ერთხელ ლოცვაში ვუთხარი ღმერთს, რომ ერთ დროს მინდოდა, 10 წელი ციხეში გამეტარებინა და როგორც ბანდის წევრს, სხვებისგან აღიარება მომეპოვებინა. ახლა კი ვთხოვდი, სულ მცირე, 10 წელი სრული დროით მემსახურა, რათა ისევე დავხმარებოდი სხვებს, როგორც მე დამეხმარნენ. ღმერთმა შეისმინა ჩემი ლოცვა და უკვე 17 წელია სრული დროით ვმსახურობ! მინდა გითხრათ, რომ ციხეში არასდროს ვმჯდარვარ.

სამწუხაროდ, ბევრი ჩემი ყოფილი მეგობარი დღემდე ციხეშია, სხვები კი ცოცხლები აღარ არიან. ძალიან მადლიერი ვარ იეჰოვას მოწმე ნათესავების! მათ უნდოდათ, სხვებისგან განსხვავებულები ყოფილიყვნენ და ბიბლიური პრინციპებით ეცხოვრათ. ბანდის არცერთი წევრის მიმართ არ მქონია ამხელა პატივისცემა, როგორიც მათ მიმართ მაქვს. ყველაზე მეტად ღმერთს ვემადლიერები, რომელმაც ცხოვრების საუკეთესო გზაზე დამაყენა.

ᲐᲜᲓᲠᲔᲡᲘ: დავიბადე და გავიზარდე ერთ ღარიბ უბანში, სადაც ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება, გამოძალვა, მკვლელობა და პროსტიტუცია ჩვეულებრივი რამ იყო. მამაჩემი ალკოჰოლიკი და კოკაინის მომხმარებელი იყო. ჩემი მშობლები ხშირად ჩხუბობდნენ და ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ალკოჰოლის და ნარკოტიკების მიღება პატარაობიდანვე დავიწყე. მთელ დროს ქუჩაში ვატარებდი, ვიპარავდი და ნაქურდალს ვყიდდი. როცა წამოვიზარდე, მამა ცდილობდა, ჩემთან უფრო მეგობრული ყოფილიყო, თუმცა ცუდი განზრახვით. მას სურდა, ქვეყანაში შემეტანა და გამეყიდა ნარკოტიკები და სხვა აკრძალული საქონელი. მოკლე დროში დიდი ფული ვიშოვე. ერთხელ სახლში პოლიცია დამადგა და დამაკავა. მკვლელობის მცდელობისთვის ხუთწლიანი პატიმრობა მომისაჯეს.

ერთ დილას ციხეში ხმის გამაძლიერებლით განცხადება გაკეთდა, რომ პატიმრებს ბიბლიური მოხსენების მოსასმენად იწვევდნენ, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები წარმოთქვამდნენ. გადავწყვიტე, მეც წავსულიყავი. რაც იქ მოვისმინე, ლოგიკური მეჩვენა. ამიტომ მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მათ ბიბლიიდან ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დამანახვეს ღვთის მაღალზნეობრივი ნორმები.

მალევე მივხვდი, რომ საკუთარი ძალებით ვერ შევიცვლებოდი. ზოგ პატიმარს არ მოსწონდა, რასაც ვაკეთებდი და მემუქრებოდნენ. ამიტომ იეჰოვას ვთხოვე, ჩემთვის ძალა და სიბრძნე მოეცა და მანაც მისმინა. მათი მუქარის მიუხედავად, გაბედულება მოვიკრიბე და სხვა პატიმრებთან ბიბლიურ თემებზე დავიწყე საუბარი.

ჩემი გათავისუფლების დრო ახლოვდებოდა. ძალიან განვიცდიდი, რადგან არ მინდოდა ციხის დატოვება. პატიმრები ხელის ქნევით მაცილებდნენ. ზოგმა ასეთი თბილი სიტყვებიც კი მითხრა: „შინ დაბრუნდი, ჩვენო პატარა მწყემსო!“.

იმის წარმოდგენაც კი მზარავს, როგორ შეიძლებოდა წარმართულიყო ჩემი ცხოვრება, რომ არა ღმერთი, რომელმაც ასეთი ძვირფასი განათლება მომცა. ძალიან, ძალიან მადლიერი ვარ, რომ ღმერთს ასე ვუყვარვარ და მის თვალში ფასი არ დამიკარგავს. *

^ სხვა შემთხვევები, თუ როგორ ცვლის ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას, შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე jw.org (იხილეთ ბიბლიოთეკა / სტატიათა სერიები / ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის).