ვინ შექმნა?
საჰარის უდაბნოს ვერცხლისფერი ჭიანჭველას დამცავი საფარველი
საჰარის უდაბნოს ვერცხლისფერი ჭიანჭველა (Cataglyphis bombycina) ერთ-ერთია ხმელეთის იმ ბინადართა შორის, რომელსაც შეუძლია ძლიერ სიცხესაც კი გაუძლოს. შუადღისას, როდესაც მზე ზენიტშია და ჭიანჭველებზე მონადირე უდაბნოს ბინადარნი თავშესაფარს ეძებენ, ეს მწერები საკვების მოსაპოვებლად ცოტა ხნით ტოვებენ თავიანთ ბუდეებს. ხშირად ამ პატარა ქმნილებების გემრიელ ულუფად ძლიერი სიცხისგან დახოცილი მწერები იქცევიან ხოლმე.
დაფიქრდით: ამ ჭიანჭველას გააჩნია სიცხისგან დამცავი საოცარი საფარველი. მას გვერდები და სხეულის ზედა ნაწილი დაფარული აქვს განსაკუთრებული სტრუქტურის მქონე თმით, ქვედა ნაწილი კი უთმო აქვს. სწორედ ასეთი თმა (1, 2) აძლევს ამ ჭიანჭველას ლამაზ, ვერცხლისფერ შეფერილობას. მისი თმის ღერი პაწაწინა სამკუთხა მილაკის მსგავსია (3), რომლის ზედა ორი მხარე მთელ სიგრძეზეა დანაოჭებული, ქვედა კი გლუვია. ვერცხლისფერი ჭიანჭველას თმის ღერის ასეთი აგებულება ორ მიზანს ემსახურება; პირველი: ის ადვილად ირეკლავს მზის როგორც ხილულ, ისე უხილავ გამოსხივებას და მეორე: ეხმარება ამ მწერს სხეულიდან ზედმეტი სიმხურვალის გამოდევნაში. რაც შეეხება მისი სხეულის ქვედა, უთმო ნაწილს, ის ქვიშიდან არეკლილ მზის უხილავ გამოსხივებას ირეკლავს. *
ჩვეულებრივ, საჰარის უდაბნოს ვერცხლისფერი ჭიანჭველა 53,6 ცელსიუს გრადუსზე მეტს ვერ უძლებს; სწორედ სიცხისგან დამცავი საოცარი საფარველის დამსახურებაა, რომ მისი სხეულის ტემპერატურა არ უახლოვდება მაქსიმალურ ზღვარს. ამ ჭიანჭველაზე დაკვირვებით მეცნიერები ცდილობენ, შექმნან სპეციალური საფარველი, რომელიც ხელს შეუწყობს შენობებსა თუ ავტომობილებში სიგრილის შენარჩუნებას ჰაერის გამაგრილებელი საშუალებების გარეშე.
რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად აქვს საჰარის უდაბნოს ვერცხლისფერ ჭიანჭველას სიცხისგან დამცავი საფარველი, თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?
^ აბზ. 4 საჰარის ვერცხლისფერი ჭიანჭველას ორგანიზმი შეიცავს ისეთ პროტეინებს, რომელიც ადვილად არ იშლება მზის სხივების ზემოქმედების შედეგად. გარდა ამისა, გრძელი ფეხების წყალობით ის სხეულით ცხელ ქვიშას არ ეხება და სწრაფადაც დარბის. აგრეთვე მას აქვს საოცარი ნავიგაციის უნარი, რაც ეხმარება, ძალიან სწრაფად დაბრუნდეს ბუდეში.