ტიტეს მიმართ 1:1—16
1 პავლე — ღვთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული ღვთის რჩეულებისთვის ჩვეული რწმენითა და იმ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნით, ღვთისადმი ერთგულებას რომ შეჰფერის,
2 დაფუძნებულს დიდი ხნის წინათ დაპირებული მარადიული სიცოცხლის+ იმედზე ღვთისგან, რომელმაც შეუძლებელია, იცრუოს;+
3 მან თავის დროზე თავისი სიტყვა გააცხადა ქადაგებით, რომელიც მე მომენდო+ ჩვენი მხსნელის, ღვთის, ბრძანებით
4 — ვწერ ტიტეს, ჩემს თანამორწმუნეს, რომელიც შვილივითაა ჩემთვის:
წყალობა და მშვიდობა არ მოგკლებოდეს ღვთისგან, მამისგან, და ჩვენი მხსნელისგან, ქრისტე იესოსგან!
5 კრეტაზე იმიტომ დაგტოვე, რომ გამოასწორო ის, რაც გამოსასწორებელია, და ყოველ ქალაქში დანიშნო უხუცესები ჩემი მითითებისამებრ:
6 უხუცესი უნდა იყოს* ბრალდაუდებელი, ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი, აგრეთვე მორწმუნე შვილები, რომლებიც არც ურჩები არიან და არც თავაშვებულობაში ედებათ ბრალი.+
7 რაკი ზედამხედველი, როგორც ღვთის მიერ დაყენებული მმართველი, ბრალდაუდებელი უნდა იყოს, ის არ უნდა იყოს თავნება,+ ფიცხი,+ ლოთი, მოჩხუბარი*, ანგარებიანი და ფულს დახარბებული.
8 პირიქით, ის უნდა იყოს სტუმართმოყვარე,+ კარგის მოყვარული, საღად მოაზროვნე,+ მართალი, ერთგული+ და თავშეკავებული;+
9 სწავლებისას სარწმუნო სიტყვას უნდა ეყრდნობოდეს,+ რათა შეეძლოს ჯანსაღი მსჯელობა სხვების გასამხნევებლად+ და მოწინააღმდეგეთა შესაგონებლად.+
10 ბევრია ურჩი, ყბედი და ცბიერი, რომელთაგან უმრავლესობა წინადაცვეთის დამცველები არიან.+
11 ასეთები უნდა დაადუმოთ, რადგან ანგარების გამო იმას ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ და, ამგვარად ოჯახებს რწმენას უნგრევენ.
12 თავად მათ წინასწარმეტყველს უთქვამს: „კრეტელები პირწავარდნილი მატყუარები, მძვინვარე მხეცები და უქნარა ღორმუცელები არიან“.
13 ეს მოწმობა ჭეშმარიტია. ამიტომ კვლავაც მკაცრად შეაგონე ისინი, რათა მტკიცე რწმენა ჰქონდეთ
14 და ყურადღება არ მიაქციონ იუდეველთა ზღაპრებსა და იმ ადამიანთა მოგონილ წესებს, რომლებიც ჭეშმარიტებას ზურგს აქცევენ.
15 სუფთა კაცისთვის ყველაფერი სუფთაა,+ წაბილწულებისა და ურწმუნოებისთვის კი არაფერია სუფთა, რადგან მათ გონებაც წაბილწული აქვთ და სინდისიც — შებღალული.+
16 მათ თავი მოაქვთ, რომ იცნობენ ღმერთს, მაგრამ საქმეებით უარყოფენ მას,+ რადგან საძაგლები და ურჩები არიან და არცერთი კარგი საქმისთვის არ გამოდგებიან.
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „თუ არის ვინმე“.
^ დედანში გამოყენებული ბერძნული სიტყვა აღნიშნავს როგორც ფიზიკურ, ისე სიტყვიერ შეურაცხყოფას.