ლუკას სახარება 7:1—50
7 ხალხთან ლაპარაკი რომ დაასრულა, კაპერნაუმში წავიდა.
2 იქ ერთ ასისთავს საყვარელი მონა ავად გახდომოდა და კვდებოდა.+
3 ასისთავმა იესოს შესახებ რომ გაიგო, იუდეველთა უხუცესები გაუგზავნა მას და სთხოვა, რომ მისულიყო და მონა გადაერჩინა.
4 ისინიც მივიდნენ იესოსთან და შეეხვეწნენ: „იგი იმსახურებს ამას;
5 მას უყვარს ჩვენი ერი, სინაგოგაც კი აგვიშენა“.
6 იესოც გაჰყვა მათ. სახლს რომ უახლოვდებოდა, ასისთავის გაგზავნილი მეგობრები შემოხვდნენ და მისი დანაბარები გადასცეს: „ბატონო, არ შეწუხდე, რადგან არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.+
7 ამის გამო შენთან მოსვლის ღირსადაც არ მივიჩნიე თავი. შენ მხოლოდ თქვი და განიკურნება ჩემი მსახური,
8 რადგან მეც სხვისი ქვეშევრდომი ვარ და თავადაც მყავს ხელქვეითად ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები, წადი-მეთქი და ისიც მიდის, მეორეს — მოდი-მეთქი და ისიც მოდის, ჩემს მონას — ეს გააკეთე-მეთქი და ისიც აკეთებს“.
9 იესო გააოცა ამ სიტყვებმა და ხალხს, რომელიც უკან მიჰყვებოდა, მიუბრუნდა და უთხრა: „გეუბნებით: ამხელა რწმენის მქონეს ისრაელშიც კი არავის შევხვედრივარ“.+
10 ასისთავის გაგზავნილი კაცები სახლში რომ დაბრუნდნენ, მონა გამოჯანმრთელებული დახვდათ.+
11 ამის შემდეგ იესო ქალაქ ნაინში წავიდა. მას თან გაჰყვნენ მოწაფეები და დიდძალი ხალხი.
12 ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა, დაინახა, რომ მკვდარს მოასვენებდნენ, დედისერთა ბიჭს.+ დედამისი ქვრივი იყო. მას დიდძალი ხალხი მოჰყვებოდა ქალაქიდან.
13 უფალმა დედამისი რომ დაინახა, გული დაეწვა+ და უთხრა: „ნუ ტირი“.+
14 შემდეგ მივიდა და საკაცეს შეეხო. გამსვენებლები შეჩერდნენ. მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!“+
15 მკვდარი წამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო. იესომ ის დედამისს ჩააბარა.+
16 ყველანი შიშმა შეიპყრო, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ, დიდი წინასწარმეტყველი გამოჩნდა ჩვენ შორის,+ ღმერთმა თავის ხალხს მოხედაო.+
17 ეს ამბავი მთელ იუდეასა და მის შემოგარენში გავრცელდა.
18 იოანეს თავისმა მოწაფეებმა ყველაფერი შეატყობინეს.+
19 მოუხმო მან ორ მათგანს და უფალთან გაგზავნა, რომ ეკითხათ, შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო,+ თუ სხვას უნდა ველოდოთო.
20 ისინი მივიდნენ მასთან და უთხრეს: „იოანე ნათლისმცემელმა გამოგვგზავნა შენთან, რომ გვეკითხა, შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთო“.
21 მაშინ მან მრავალი განკურნა სნეულებებისგან,+ მძიმე დაავადებებისგან, გაათავისუფლა ბოროტი სულებისგან და ბევრ უსინათლოს აუხილა თვალი.
22 იესომ მიუგო მათ: „წადით და მოუყევით იოანეს, რაც იხილეთ და მოისმინეთ: უსინათლოები ხედავენ+ და კოჭლები დადიან, კეთროვნები იკურნებიან და ყრუებს ესმით,+ მკვდრები ცოცხლდებიან და ღარიბებს სასიხარულო ცნობა ეუწყებათ.+
23 ბედნიერია ის, ვინც დამაბრკოლებელს არაფერს ხედავს ჩემში“.+
24 როცა იოანეს მოწაფეები წავიდნენ, იესომ ხალხს იოანეზე დაუწყო ლაპარაკი: «რის სანახავად გახვედით უდაბნოში — ქარისგან რხეული ლერწმისა?!+
25 აბა, რის სანახავად გახვედით — მდიდრულ სამოსში გამოწყობილი კაცისა?!+ მდიდრულ სამოსში გამოწყობილნი ხომ ფუფუნებაში ცხოვრობენ და მეფეთა სასახლეებში არიან?!
26 მაშ, რის სანახავად გახვედით? წინასწარმეტყველისა? გეუბნებით: ის წინასწარმეტყველიცაა და ბევრად მეტიც.+
27 მასზეა დაწერილი: „აი, შენ წინ ვგზავნი ჩემს მაცნეს, რომელიც გზას მოგიმზადებს“.+
28 გეუბნებით: ქალის მიერ შობილთა შორის არავინ ყოფილა იოანეზე დიდი, მაგრამ ღვთის სამეფოში უმცირესიც კი მასზე დიდია».+
29 (ეს რომ იქ მყოფებმა, მათ შორის მებაჟეებმა, მოისმინეს, აღიარეს, რომ ღმერთი მართალია, რადგან იოანეს მიერ იყვნენ მონათლულნი.+
30 ფარისევლებმა და კანონის მცოდნეებმა კი არაფრად ჩააგდეს ღვთის რჩევა,+ რადგან არ იყვნენ იოანეს მიერ მონათლულნი).
31 „ვის შევადარო ეს თაობა? ვის მივამსგავსო?+
32 ისინი იმ ბავშვებს ჰგვანან, რომლებიც მოედანზე სხედან და ერთმანეთს ეუბნებიან, სალამურს გიკრავდით, თქვენ კი არ ცეკვავდით, მოვთქვამდით, თქვენ კი არ ტიროდითო.
33 მოვიდა იოანე ნათლისმცემელი, არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს,+ თქვენ კი ამბობთ, დემონი ჰყავსო.
34 მოვიდა კაცის ძე, ჭამს, სვამს, თქვენ კი ამბობთ, აი ჭამა-სმას გადაყოლილი კაცი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო.+
35 თუმცა სიბრძნე საქმეებით* მტკიცდება“.+
36 ერთმა ფარისეველმა იესოს სთხოვა, რომ მასთან ესადილა. ისიც მივიდა ფარისეველთან სახლში და სუფრასთან დაჯდა*.
37 ერთმა ქალმა, რომელსაც ქალაქში ცოდვილის სახელი ჰქონდა, გაიგო, რომ იესო ერთ ფარისეველს სახლში მიეპატიჟებინა; მივიდა და მიიტანა ნელსაცხებელი ალაბასტრონით.+
38 ქალი მის ფერხთით დაჯდა, ტიროდა, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თმით უმშრალებდა, თან ფეხებს ნაზად უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა.
39 ეს რომ ფარისეველმა მასპინძელმა დაინახა, გაიფიქრა: „ეს კაცი რომ წინასწარმეტყველი იყოს, მიხვდებოდა, ვინ და როგორი ქალი ეხება მას; ის ხომ ცოდვილია“.+
40 იესომ მას უთხრა: „სიმონ, რაღაც მინდა, გითხრა“. მან უთხრა: „მითხარი, მოძღვარო!“
41 „ერთ გამსესხებელს ორი მოვალე ჰყავდა. ერთს 500 დინარი ემართა, მეორეს — 50.
42 რაკი ვალს ვერ იხდიდნენ, გამსესხებელმა ორივეს აპატია. მითხარი, ვის უფრო მეტად ეყვარება ის?“
43 სიმონმა უპასუხა: „ჩემი აზრით, მას, ვისაც უფრო მეტი აპატია“. იესომ მიუგო: „მართალი ხარ“.
44 შემდეგ ქალისკენ მიბრუნდა და სიმონს უთხრა: „ხედავ ამ ქალს? შენს სახლში რომ შემოვედი, შენ წყალიც კი არ მოგიტანია ჩემთვის ფეხების დასაბანად, ამ ქალმა კი ფეხები ცრემლებით დამისველა და თმით შემიმშრალა.
45 შენ არც კი გიკოცნია, ეს ქალი კი იმ წუთიდან, რაც მოვედი, ნაზად მიკოცნის ფეხებს.
46 შენ ზეთიც კი არ გიცხია ჩემთვის თავზე, ამ ქალმა კი ფეხებზე ნელსაცხებელი მცხო.
47 ამიტომ გეუბნები: თუმცა მას ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი, ეპატია,+ რადგან მეტად უყვარს. ვისაც ცოტათი ეპატიება, ცოტათი უყვარს“.
48 შემდეგ ქალს უთხრა: „გეპატია ცოდვები“.+
49 ამაზე სუფრასთან მსხდომებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ პატიობს?!“+
50 მან ქალს უთხრა: „შენმა რწმენამ გიხსნა,+ წადი მშვიდობით“.
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „მისი შვილებით“.
^ სხვაგვარად — „ინახად დაჯდა“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.