2013 წლის 1 ოქტომბერი
სამხრეთი კორეა
უსამართლობამ სამხრეთ კორეაში საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია
სამხრეთ კორეაში ციხეში ზის ასობით ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც არ არიან ბოროტმოქმედები. ალბათ, გაინტერესებთ, რა არის მიზეზი. ეს ახალგაზრდები იეჰოვას მოწმეები არიან; მათ არჩიეს, არ წასულიყვნენ საკუთარი სინდისის წინააღმდეგ და უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე. ვინაიდან კორეა არ იცავს მათ უფლებებს, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, მოწმეებს აპატიმრებენ. ბოლო 60 წლის მანძილზე სწორედ ამ მიზეზით 17 000-ზე მეტ იეჰოვას მოწმეს მოუწია ციხეში ჯდომა.
სამხრეთ კორეაში არსებულმა იეჰოვას მოწმეთა ოფისმა, საზოგადოების ყურადღება რომ მიეპყრო, გამოსცა ბროშურა, სახელწოდებით „ რელიგიური მიზეზის გამო უარის თქმა სამხედრო სამსახურზე კორეაში“. ბროშურაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ კორეა ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს და ვერ იცავს მათ უფლებებს, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. ბროშურაში აგრეთვე მოცემულია ინფორმაცია კორეელი ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც იმის გამო დააპატიმრეს, რომ არ წავიდნენ საკუთარი სინდისის წინააღმდეგ. დე-ილ ჰონგი, იეჰოვას მოწმეთა პრეს-მდივანი კორეაში, და იეჰოვას მოწმეების მრჩეველი იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, ფილიპ ბრამლი, დაწვრილებით გვიყვებიან იმ უსამართლობის შესახებ, რომელიც წლებია კორეაში ხდება.
როგორ რეაგირებს საერთაშორისო საზოგადოება სამხრეთ კორეაში შექმნილ ვითარებაზე?
ფილიპ ბრამლი: რამდენიმე ქვეყანამ აღშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ კორეა არ ცნობს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, საკუთარი მრწამსის გამო უარი თქვას სამხედრო სამსახურზე. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ერთ-ერთი ბოლო სხდომის დროს რვა წევრმა ქვეყანამ — უნგრეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, ესპანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ — მოუწოდა კორეას, შეაჩეროს მათი საქმის სასამართლო წესით გარჩევა, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე და შექმნას მათთვის ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური.
დე-ილ ჰონგი: 4 საქმის განხილვის შემდეგ, რომელიც ეხებოდა 501 იეჰოვას მოწმეს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დაადგინა, რომ კორეის რესპუბლიკამ შელახა ამ ახალგაზრდების უფლებები, როცა განაჩენი გამოუტანა და დააპატიმრა. კომიტეტის განცხადებით, „მათი საქციელი, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, სრულიად ლეგიტიმურია და სწორედ ამას ითვალისწინებს კანონი აზრის, სინდისისა და რწმენის თავისუფლების შესახებ. ამ კანონის თანახმად, ყველას აქვს უფლება, უარი თქვას სავალდებულო სამხედრო სამსახურზე, თუ ეს უკანასკნელი წინააღმდეგობაში მოდის მის რელიგიურ შეხედულებებსა თუ მრწამსთან. ადამიანის ეს უფლება არ უნდა ხელყონ იძულების წესით“.
ადამიანის უფლებათა საბჭოც, გაეროს კიდევ ერთი ორგანო, ხაზს უსვამს ამ საკითხს თავის ერთ-ერთ ბოლო ანგარიშში, სახელწოდებით „რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შემთხვევების ანალიზი“. ამ დოკუმენტში საუბარია იმ საერთაშორისო სამართლებრივ სისტემაზე, რომელიც აღიარებს მათ უფლებებს, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე და, ამავდროულად, კრძალავს იძულების წესით მათ არაერთხელ გასამართლებასა და დასჯას.
რა რეაგირება მოჰყვა კორეის მთავრობის მხრიდან საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოთქმულ შეშფოთებას?
ფილიპ ბრამლი: კორეის მთავრობამ არ დააკმაყოფილა გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის მოთხოვნა. ამიტომ არ შეასრულა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და არ ცნო მათი ძირეული უფლება, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. უფრო მეტიც, სამხრეთ კორეის უზენაესმა და საკონსტიტუციო სასამართლომ არაფრად ჩააგდეს გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის დადგენილებები, როცა არ მისცეს აპელაციის უფლება მათ, ვინც რწმენის გამო უარი თქვა სამხედრო სამსახურზე. კორეის პარლამენტს არ მიუღია კანონი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის თაობაზე და არც რაიმე სახით უზრუნია მათ დაცვაზე, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე.
როგორ აისახება ახალგაზრდა კორეელი მოწმეების ცხოვრებაზე პატიმრობა?
დე-ილ ჰონგი: ისინი გაბედული ახალგაზრდები არიან. როცა მათ კომისარიატი იძახებს, არ იმალებიან, მიუხედავად იმისა, რომ კორეის კანონმდებლობის თანახმად ციხე ელით. ისინი დაპატიმრებამდე სამაგალითო მოქალაქეები არიან, ხოლო დაპატიმრების შემდეგ სანიმუშო პატიმრები. სამწუხაროა, რომ როცა ციხიდან გამოდიან, ნასამართლევის სტატუსი აქვთ, რის გამოც თითქმის შეუძლებელია, დასაქმდნენ საჯარო სექტორში ან დიდ კომპანიებში. ეს ახალგაზრდები წელიწად-ნახევარს ციხეში ატარებენ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ისინი მონატრებულები არიან ოჯახის წევრებს. გულდასაწყვეტია, რომ მათ არაფრის გამო უწევთ ციხეში ჯდომა.
უნდა გაასამართლონ და დააპატიმრონ იეჰოვას მოწმეები მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი მრწამსის გამო უარს ამბობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე?
დე-ილ ჰონგი: არავითარ შემთხვევაში! ეს ახალგაზრდები სულაც არ არიან ბოროტმოქმედები. იეჰოვას მოწმეები კორეასა თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ცნობილნი არიან, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები. ისინი საზოგადოებისთვის ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებენ. მოწმეები პატივს სცემენ ხელისუფლების მესვეურთ და იხდიან გადასახადებს. ამას წინათ კორეის ერთ-ერთი სარაიონო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობის განაჩენი გამოუტანა იეჰოვას მოწმეს, რომელმაც რწმენის გამო უარი თქვა სამხედრო სამსახურზე. მოსამართლემ ახსნა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა და როცა აუდიტორიას განაჩენი გააცნო, თავი ვეღარ შეიკავა, ქაღალდები სახეზე აიფარა და აქვითინდა. როგორც ჩანს, ამ უსამართლობამ მოსამართლე ქალბატონი იმდენად შეძრა, რომ ადამიანური გრძნობები მოეძალა. იქ დამწრეებმა აღიარეს, რომ ეს უსამართლობა იყო და მათაც ცრემლები წამოსცვივდათ.
ფილიპ ბრამლი: ნამდვილად დადგა იმის დრო, რომ კორეის ხელისუფლებამ გადაჭრას ეს საკითხი, რომელიც წლებია დღის წესრიგში დგას, და შექმნას კანონი, რომელიც დაიცავს მათ ხელშეუხებელ უფლებას, ვინც საკუთარი მრწამსის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომის ანგარიში (2012 წლის 12 დეკემბერი, A/HRC/22/10, გვერდი 7 და 22, აბზაცები 44 და 124.53)
„იონგ-ნამ კიმი კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, მიმართვა №1786/2008, კომიტეტის დასკვნა (2012 წლის 25 ოქტომბერი, გვერდი 8, აბზაცი 7.4)
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიში — „რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შემთხვევების ანალიზი“ (2013 წლის 3 ივნისი, A/HRC/23/22, გვერდები 3—8, აბზაცები 6—24; გვერდები 9 და 10, აბზაცები 32 და 33.