არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 29 აგვისტო
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის ხელისუფლებამ ბიბლია ექსტრემისტულად გამოაცხადა

რუსეთის ხელისუფლებამ ბიბლია ექსტრემისტულად გამოაცხადა

2017 წლის 17 აგვისტოს ვიბორგის საქალაქო სასამართლომ რუსულ ენაზე შესრულებული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა სხვა მრავალ ენაზეც გამოსცეს, a ექსტრემისტულად გამოაცხადა. ეს არის ბიბლიის აკრძალვის უპრეცედენტო შემთხვევა ისეთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს ქრისტიანად თვლის.

2017 წლის ივლისში ვიბორგის საქალაქო სასამართლომ განაახლა ბიბლიის აკრძალვის თაობაზე აღძრული საქმის მოსმენა, რომელიც 2016 წლის აპრილში იმ მიზნით გადადო, რომ ე. წ. ექსპერტებისთვის დრო მიეცა ბიბლიის ტექსტის შესასწავლად. მოსამართლემ ლენინგრად-ფინეთის ტრანსპორტის პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დანიშნა ექსპერტიზა იმის დასადგენად, იყო თუ არა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ექსტრემისტული. ექსპერტებმა საქმე გააჭიანურეს და ბიბლიის ტექსტის შესწავლას საკმაოდ დიდი დრო მოანდომეს. ბოლოს, 2017 წლის 22 ივნისს, მათ სასამართლოს თავიანთი დასკვნა წარუდგინეს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბიბლია ექსტრემისტული წიგნია. მათი დასკვნა არაფრით განსხვავდებოდა იმ ეგრეთ წოდებული ექსპერტების დასკვნისგან, რომლებიც სასამართლომ იეჰოვას მოწმეების სხვა პუბლიკაციების შესასწავლად დანიშნა.

ექსპერტების დასკვნები თეოლოგიურ საფუძვლებს ეყრდნობა და არა ფაქტებს

თავიანთი დასკვნის გასამართლებლად ექსპერტებმა ისიც კი განაცხადეს, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ბიბლია არ არის. ამგვარად ექსპერტებმა გვერდი აუარეს ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ კანონს, რომელიც კრძალავს წმინდა ტექსტების, მათ შორის ბიბლიის, ექსტრემისტულად გამოცხადებას. იეჰოვას მოწმეების ევროპული ასოციაციის წარმომადგენელი იაროსლავ სივულსკი აღნიშნავს: «რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენი რელიგიური საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ კანონს ხშირად არასწორად იყენებდნენ. მაგრამ ახლა მათ გვერდი აუარეს ამ კანონს — განაცხადეს, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ბიბლია არ არის, რათა შემდეგ ის ექსტრემისტულად გამოეცხადებინათ. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება ყველაფერზე წავა, რათა იეჰოვას მოწმეების საქმიანობა შეაჩეროს».

„დაუშვებელია ბიბლიის, ყურანის, თანახისა და განჯურის — როგორც მთლიანი წიგნების, ისე მათი რომელიმე ნაწილის — ექსტრემისტულად გამოცხადება“. ეს არის სიტყვები, რომლებიც დაემატა ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ რუსეთის ფედერალურ კანონს (მე-3 მუხლის პირველი ნაწილი: რუსეთის ფედერაციის მიერ ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ კანონმდებლობის გამოყენება რელიგიურ ტექსტებთან მიმართებით).

ძირითადი არგუმენტი, რომელიც „ექსპერტებმა“ მოიყვანეს იმის დასამტკიცებლად, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ბიბლია არ არის, იყო ის, რომ მასში ტეტრაგრამატონი, b ანუ ღვთის სახელი, გადმოტანილია როგორც იეჰოვა. ამ არგუმენტის გასაბათილებლად იეჰოვას მოწმეების ადვოკატებმა დამაჯერებელი მტკიცებულებები მოიყვანეს. მათ სასამართლოს ათი რუსული ბიბლია წარუდგინეს, რომლებშიც ღვთის სახელი იყო მოხსენიებული. გარდა ამისა, მათ წარმოადგინეს ცნობილი რუსი კლასიკოსების: მარინა ცვეტაევას, ალექსანდრე პუშკინის, ალექსანდრე კუპრინის, ივანე გონჩაროვისა და თედორე დოსტოევსკის ნაშრომები; აგრეთვე ამონარიდები სხვა რუსი მწერლების ნაწარმოებებიდან, რომლებშიც ღვთის სახელია მოხსენიებული. მოწმეების ადვოკატებმა მოიშველიეს აგრეთვე მართლმადიდებელი მთარგმნელების მიერ მე-19 საუკუნეში გამოცემული მაკარის ბიბლია, რომელშიც ღვთის სახელი 3 500-ზე მეტჯერ არის მოხსენიებული.

სასამართლომ ორ ექსპერტს ნება დართო, წარედგინათ იმის მტკიცებულებები, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ნამდვილად ბიბლიაა. 9 აგვისტოს გამართულ სასამართლო პროცესზე ცნობილმა ენათმეცნიერმა ანატოლი ბარანოვმა c განაცხადა, რომ სრულიად უსაფუძვლოა, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ბიბლიად არ მივიჩნიოთ მხოლოდ იმიტომ, რომ სინოდალურ ბიბლიასთან შედარებით მასში აზრები განსხვავებული სიტყვებით არის გადმოცემული. თარგმანებს შორის ასეთი სხვაობა სრულიად ბუნებრივია. ბიბლიის თანამედროვე თარგმანის სიზუსტე ობიექტურად რომ შევაფასოთ, ის დედნისეულ (ებრაულ, არამეულ და ბერძნულ) ტექსტებს უნდა შევადაროთ და არა იმავე ენაზე შესრულებულ ძველ თარგმანებს.

16 აგვისტოს გამართულ სასამართლო პროცესზე რელიგიათმცოდნე მიხაილ ოდინცოვმა d განაცხადა, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ თავისი შინაარსით არ განსხვავდება რუსულ ენაზე ნათარგმნი სხვა ბიბლიებისგან და შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ „ბიბლიის კანონის“ მოთხოვნებს. რაც შეეხება ღვთის სახელის გამოყენებას, მიხაილ ოდინცოვმა დაადასტურა, რომ ღვთის სახელი იეჰოვა ბიბლიის სხვა რუსულ თარგმანებშიც არის გამოყენებული, მათ შორის სინოდალურ თარგმანში, სადაც ის დაახლოებით ათჯერ არის მოხსენიებული.

ექსპერტებმა იმის დასამტკიცებლად, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ბიბლია არ არის, კიდევ ერთი არგუმენტი მოიყვანეს და განაცხადეს, რომ მასში პირდაპირ არ არის ნათქვამი, რომ ის ბიბლიაა. მაგრამ ოდინცოვმა განმარტა, რომ ბიბლიას სრულიად მართებულად შეგვიძლია „წმინდა წერილებიც“ ვუწოდოთ.

სასამართლომ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო

ვიბორგის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ჯერ არ შესულა და, შესაბამისად, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ არ შედის ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში. იეჰოვას მოწმეები მიღებულ გადაწყვეტილებას 30 დღის განმავლობაში გაასაჩივრებენ ლენინგრადის საოლქო სასამართლოში.

იეჰოვას მოწმეების მიერ ნათარგმნი ბიბლიის აკრძალვა მხოლოდ ერთ-ერთია იმ უსამართლო ქმედებებიდან, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება უკვე ათ წელზე მეტია, მოწმეების წინააღმდეგ მიმართავს. ამ უსამართლობამ კულმინაციას 17 ივლისს მიაღწია, როცა რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ვიბორგის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს იეჰოვას მოწმეების უსამართლო დევნასა და მათ შევიწროებას.

დროის დიაგრამა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინააღმდეგ აღძრული საქმის თაობაზე

  1. 2017 წლის 17 აგვისტო

    ვიბორგის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ექსტრემისტულად გამოცხადების თაობაზე.

  2. 2017 წლის 9 აგვისტო

    ვიბორგის საქალაქო სასამართლომ განაახლა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ თაობაზე აღძრული საქმის განხილვა.

  3. 2017 წლის 6 ივნისი

    სოციოკულტურულმა კვლევითმა ცენტრმა, რომელსაც ექსპერტიზის ჩატარება დაევალა, დაადგინა, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ბიბლია არ არის და ექსტრემისტული შინაარსის მასალას შეიცავს.

  4. 2016 წლის 23 დეკემბერი

    რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 2015 წლის ივლისში საზღვარზე დაკავებული ბიბლიები მოწმეებისთვის უნდა ჩამოერთმიათ.

  5. 2016 წლის 26 აპრილი

    ვიბორგის საქალაქო სასამართლომ სოციოკულტურულ კვლევით ცენტრს ექსპერტიზის ჩატარება დაავალა იმის დასადგენად, შეიცავდა თუ არა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ექსტრემისტული შინაარსის მასალას.

  6. 2016 წლის 15 მარტი

    პროკურორის საჩივრის საფუძველზე ვიბორგის საქალაქო სასამართლოში დაიწყო საქმის მოსმენა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ექსტრემისტულად გამოცხადების თაობაზე.

  7. 2015 წლის 29 დეკემბერი

    ქალაქ სანკტ-პეტერბურგის საარბიტრაჟო სასამართლომ და ლენინგრადის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოწმეების საჩივარი ბიბლიების უკანონოდ ჩამორთმევის თაობაზე.

  8. 2015 წლის 13 აგვისტო

    ვიბორგის საბაჟოს თანამშრომლებმა მოწმეებს ჩამოართვეს 2 016 ბიბლია, რომლებიც 13 ივლისს საზღვარზე გააჩერეს. მიზეზად კი ის მოიყვანეს, რომ ეს ბიბლიები შეიძლებოდა ექსტრემისტული მასალის შემცველი ყოფილიყო.

  9. 2015 წლის 14 ივლისი

    ვიბორგის საბაჟოს თანამშრომლებმა მოწმეების სამი ბიბლია „ექსპერტებს“ გადასცეს შესასწავლად, რათა ბიბლიების დაკავების ფაქტი გაემართლებინათ.

  10. 2015 წლის 13 ივლისი

    ვიბორგის საბაჟოს თანამშრომლებმა მოწმეებს უფლება არ მისცეს, ქვეყანაში შეეტანათ რუსულ ენაზე გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.

a მთლიანად ან ნაწილობრივ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 120-ზე მეტ ენაზე გამოიცა და ამ წიგნის 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გავრცელდა.

b ტეტრაგრამატონი (יהוה) არის ებრაული ასოებით გადმოცემული ღვთის სახელი, რომელიც გადმოტანილია როგორც ჲჰვჰ (იჰვჰ). ებრაულ წერილებში („ძველი აღთქმა“) ეს სახელი დაახლოებით 7 00-ჯერ გვხვდება.

c პროფესორი ბარანოვი ექსპერტთა კომიტეტის წევრია. ეს კომიტეტი რუსეთის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში მოღვაწე ენათმეცნიერთა სერტიფიცირებას ახორციელებს. ბარანოვი აგრეთვე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში რუსული ენის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ლექსიკოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელია.

d პროფესორი ოდინცოვი რუსეთის სოციოლოგიურ-პოლიტიკური ისტორიის ეროვნულ არქივში დოკუმენტური მასალების განყოფილების ხელმძღვანელი და რელიგიის მკვლევართა ასოციაციის პრეზიდენტია.