არჩეულ მასალაზე გადასვლა

იუსტიციის სახლი რომში, სადაც განთავსებულია იტალიის უზენაესი (საკასაციო) სასამართლო

2021 წლის 9 თებერვალი
იტალია

იტალიის უზენაეს სასამართლოს იეჰოვას მოწმეთა სასარგებლოდ გამოაქვს გადაწყვეტილება მკურნალობის მეთოდების არჩევასთან დაკავშირებულ საქმეზე

იტალიის უზენაეს სასამართლოს იეჰოვას მოწმეთა სასარგებლოდ გამოაქვს გადაწყვეტილება მკურნალობის მეთოდების არჩევასთან დაკავშირებულ საქმეზე

იტალიის უზენაესმა (საკასაციო) სასამართლომ იეჰოვას მოწმეთა სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე, რომელიც უკავშირდება მკურნალობის მეთოდების არჩევას. 2020 წლის 23 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ყველა პაციენტს აქვს უფლება, თავად აირჩიოს მკურნალობის მეთოდები, მათ შორის, ეფექტიანი მკურნალობის ის ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მის რელიგიურ შეხედულებებს.

საქმე ეხებოდა 2005 წელს მომხდარ ერთ ტრაგიკულ შემთხვევას, როცა ექიმებმა დაარღვიეს ერთი ჩვენი დის უფლებები. ოპერაციამდე მან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით როგორც სიტყვიერად, ისე წერილობითი სახით სამედიცინო მინდობილობაში. ექიმებმა არ გაითვალისწინეს პაციენტის თხოვნა და მას რამდენჯერმე გადაუსხეს სისხლი.

სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის გადასხმაზე უარის თქმა „არის არა უბრალოდ მკურნალობის მეთოდის პირადად არჩევის საკითხი, არამედ რელიგიური შეხედულებების საფუძველზე მიღებული გააზრებული გადაწყვეტილება“. სასამართლომ განაცხადა, რომ ეს არის „ხელშეუხებელი უფლება“, რომლის სრულ დაცვასაც კონსტიტუცია უზრუნველყოფს.

ეს გადაწყვეტილება ყველაზე ბოლოა იმ ათი გადაწყვეტილებიდან, რომლებიც იტალიის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეთა სასარგებლოდ მიიღო 2015 წლიდან მოყოლებული დღემდე. ქვემოთ ჩამოთვლილია ჩვენი რელიგიის თავისუფლების უფლების სხვადასხვა მნიშვნელოვანი ასპექტი, რომლებიც ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებებით იქნა გამყარებული:

  • სისხლის გადასხმაზე უარის თქმა: იეჰოვას მოწმეები მკურნალობის საუკეთესო მეთოდებს ირჩევენ. მათთვის მისაღებია მედიცინაში არსებული მკურნალობის მეთოდების უმეტესობა. სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგინდა, რომ იეჰოვას მოწმე პაციენტებს უფლება აქვთ, აირჩიონ მკურნალობის ის მეთოდები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ბიბლიით განსწავლულ მათ სინდისს. ექიმებმა პატივი უნდა სცენ პაციენტის გადაწყვეტილებას, როცა ის უარს ამბობს სისხლის გადასხმაზე. პაციენტს აქვს იურიდიული უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება თავისი რელიგიური შეხედულებების გათვალისწინებით.

  • მშობლის უფლება: იეჰოვას მოწმე მშობლებსაც ისევე აქვთ უფლება, ესაუბრონ შვილებს თავიანთი რელიგიური სწავლებების შესახებ, როგორც იმ მშობლებს, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები.

  • გარიცხვის ღონისძიება: იეჰოვას მოწმეები არ ახდენენ ადამიანების დისკრიმინაციას მათი კრებიდან გარიცხვით. რელიგიის თავისუფლება, რომლითაც მოწმეები სარგებლობენ, ანიჭებს მათ იმის უფლებას, რომ გაწყვიტონ ურთიერთობა მათთან, რომლებიც აღარ მიეკუთვნებიან იეჰოვას მოწმეთა კრებას. ამ უფლებას სხვები პატივისცემით უნდა მოეკიდონ.

  • გადასახადები: იეჰოვას მოწმეები იხდიან გადასახადებს და თაყვანისცემის ადგილებისთვის დაწესებულ გადასახადებთან დაკავშირებით სარგებლობენ იმავე უფლებებითა და შეღავათებით, როგორითაც იტალიაში არსებული სხვა რელიგიები.

გვახარებს იმის გაგება, რომ უფლებამოსილი პირები თავიანთი გადაწყვეტილებებით განამტკიცებენ იეჰოვას მოწმეთა თაყვანისცემის უფლებებს (იგავები 21:1).