არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 14 ნოემბერი
ზამბია

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ მბუნდა ენაზე

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ მბუნდა ენაზე

2022 წლის 5 ნოემბერს ზამბიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა კეფას კალინდამ, გამოაცხადა, რომ ელექტრონული ფორმატით გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ მბუნდა ენაზე. ამ გამოცემის შესახებ განცხადება წინასწარ ჩაწერილი პროგრამის მეშვეობით გაკეთდა, რომელსაც დაახლოებით 1 500-მა ადამიანმა მოუსმინა. ბიბლიის ბეჭდურ ვერსია 2023 წლის იანვრისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

მბუნდა ენაზე, ძირითადად, ანგოლასა და ზამბიაში საუბრობენ. ჩრდილოეთ როდეზიაში (ახლანდელი ზამბია) იეჰოვას მოწმეებმა მბუნდაენოვან ხალხთან ქადაგება 1930-იან წლებში დაიწყეს. მბუნდაენოვანი მთარგმნელობითი ჯგუფი 2014 წელს ჩამოყალიბდა. მთარგმნელობითი ოფისი მდებარეობს ზამბიის დასავლეთ პროვინციაში, მონგუში.

სილოზიენოვანი და მბუნდაენოვანი მთარგმნელობითი ოფისი (მონგუ, ზამბია)

„ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ გარდა ამ ენაზე კიდევ ერთი ბიბლიის თარგმანია ხელმისაწვდომი. თუმცა ის ძალიან ძვირი ღირს და რთული გასაგებია. ამის გამო, მბუნდაენოვანი იეჰოვას მოწმეები დღემდე სხვა ენაზე გამოცემულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ იყენებდნენ.

ერთ-ერთმა მთარგმნელმა აღნიშნა: „ეს თარგმანი ბუნებრივი, გასაგები და მარტივი ენითაა დაწერილი. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ის ზუსტად გადმოსცემს ბიბლიურ ჭეშმარიტებას“.

მბუნდა ენაზე შესრულებულ ბიბლიის სხვა გამოცემასთან დაკავშირებით კიდევ ერთმა მთარგმნელმა ასეთი რამ თქვა: «იმ თარგმანში არსად არის ნახსენები ღვთის სახელი, იეჰოვა. მის ნაცვლად ხშირად გამოიყენება ფრაზა „ჩვენი მფარველი ღმერთი“, ამიტომ ხალხს უჭირს, გაიგოს, რა ჰქვია ღმერთს. თუმცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ ამ ახალ გამოცემაში ღვთის სახელი 237 ადგილას გვხვდება».

დარწმუნებული ვართ, ეს ახალი გამოცემა დაეხმარება მბუნდაენოვან ჩვენს და-ძმებს, უფრო დაუახლოვდნენ იეჰოვას და განიმტკიცონ რწმენა (იაკობი 4:8).