ერიტრეა
იეჰოვას მოწმეები ერიტრეაში სასტიკად იდევნებიან. ერიტრეის მთავრობა 1993 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, აპატიმრებს, სასტიკად ეპყრობა და ავიწროებს იეჰოვას მოწმეებს. 1994 წლის 25 ოქტომბერს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც, ერიტრეაში მოწმეებს მოქალაქეობა ჩამოერთვათ; მიზეზი ის იყო, რომ ისინი არ ერეოდნენ პოლიტიკაში და უარს აცხადებდნენ სამხედრო სამსახურზე. შედეგად, მთავრობამ მათ მოქალაქის უფლებები წაართვა.
ბევრი მოწმე, რომლებიც წლების მანძილზე იდევნებოდნენ და არაერთ სირთულეს ხვდებოდნენ, ქვეყნიდან გაიქცა. ისინი კი, ვინც იქ დარჩნენ, გამუდმებით საშინელი მოპყრობის მსხვერპლი არიან; ისინი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ რელიგიური მსახურების შესრულებისას, რა სახისაც არ უნდა იყოს ის. ერიტრეის მთავრობამ წლების მანძილზე არაერთი მოწმე დააკავა და დააპატიმრა; ზოგი იმ მიზეზით, რომ რწმენის გამო უარი განაცხადეს სამხედრო სამსახურზე, ზოგი კი იმიტომ, რომ რელიგიურ შეხვედრებს ესწრებოდნენ, სხვებს ბიბლიის შესახებ ესაუბრებოდნენ და კიდევ სხვა უცნობი მიზეზების გამო. დაპატიმრებულთა შორის არიან ხანდაზმული კაცები და ქალები და დროდადრო ბავშვებიც. სამი მამაკაცი უკვე 20 წელზე მეტია ციხეშია. არც ერთი მათგანისთვის, როგორც დამნაშავისთვის, ბრალი არ წაუყენებიათ და არც გაუსამართლებიათ.
იეჰოვას მოწმეების დევნამ ერიტრეაში საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. აფრიკის, ევროპის და შეერთებული შტატების უფლებამოსილმა პირებმა ეს საკითხი ერიტრეის მთავრობასთან განიხილეს, მაგრამ მათ თითქმის არანაირი ზომები არ მიუღიათ. გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეებმა არაერთი თხოვნით მიმართეს ქალაქ ასმარაში ერიტრეის ოფიციალურ პირებს, რათა ამ საკითხების გადასაჭრელად მათ შორის დიალოგი შემდგარიყო, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ამაზე.