არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნივ: რუკაზე ნაჩვენებია დასახლებები, სადაც ოთხთვიანი კამპანიის დროს ქადაგებდნენ მოწმეები. სურათები: ვაპიშანა, შავანტე და ჰანსრიკ ენებზე მოსაუბრე იეჰოვას მოწმეები სამქადაგებლო კამპანიის დროს

8 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2024
ბრაზილია

ბრაზილიაში 11 ენაზე ჩატარდა სამქადაგებლო კამპანია

ბრაზილიაში 11 ენაზე ჩატარდა სამქადაგებლო კამპანია

2024 წლის 1 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით ბრაზილიაში სპეციალური სამქადაგებლო კამპანია გაიმართა, რომელშიც 1000-ზე მეტმა იეჰოვას მოწმემ მიიღო მონაწილეობა. კამპანიამდე ცოტა ხნით ადრე ბრაზილიაში გავრცელებულ 11 ენაზე გამოიცა პუბლიკაცია „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. კამპანიის მიზანი სწორედ ამ პუბლიკაციის გავრცელება იყო. მთლიანობაში, დაახლოებით 300-მა ადამიანმა მოითხოვა ბიბლიის შესწავლა.

იეჰოვას მოწმეები ესაუბრებიან ჰანსრიკენოვან მამაკაცს ნოვა-პეტროპოლისში.

კამპინაპოლისში ქადაგების დროს მოწმეები ესაუბრნენ შავანტე ენაზე მოლაპარაკე ქალბატონს, რომელმაც ასეთი რამ ჰკითხა მათ: „თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ჩემს ენაზე ვიდეოებს ამზადებს? რამდენი ხანია გეძებთ და ძლივს გიპოვეთ!“. მან თქვა, რომ ადრე ბიბლიას სწავლობდა იეჰოვას მოწმეებთან, მაგრამ შეწყვიტა, რადგან არ ესმოდა პორტუგალიური ენა. თუმცა, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ბიბლიური პუბლიკაციები უკვე შავანტე ენაზეც იყო ხელმისაწვდომი, მოწმეების ძებნა დაიწყო. საბოლოოდ მან განაახლა ბიბლიის შესწავლა.

სანტა-მარია-დე-ჟეტიბაში იეჰოვას მოწმე სამჯერ შეხვდა ერთ პომერანიულენოვან ქალბატონს. მათ სამივეჯერ დიდხანს ისაუბრეს. ბოლო საუბრის დროს ქალბატონმა აღნიშნა, რომ მასთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ლოცულობდა და ღმერთს სთხოვდა, ესწავლებინა, როგორ ეცა მისთვის თაყვანი. მან სიხარულით დაიწყო ბიბლიის შესწავლა.

სამხრეთ ბრაზილიის ერთ პატარა სოფელში იეჰოვას მოწმეები შეხვდნენ კაინგანგი ენაზე მოსაუბრე ქალბატონს, რომელსაც არაფერი სმენოდა მათ შესახებ. მას ფსალმუნის 83:18 წაუკითხეს და უთხრეს, რომ იეჰოვა ღვთის სახელია. ამის გაგებამ ქალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მას არასოდეს გაეგო, რომ ღმერთს სახელი ჰქონდა. ის მაშინვე დათანხმდა ბიბლიის შესწავლას.

„იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ გამოიცა შემდეგ ენებზე: ვაპიშანა, კაივა, კაინგანგი, მაკუში, ნენგატუ, პომერანიული, სატერე-მავე, ტალიანური, ტიკუნა, შავანტე, ჰანსრიკი. კამპანია სპეციალურად დაამთხვიეს ახალი პუბლიკაციის გამოცემას.

ბრაზილიაში მცხოვრებ ჩვენს თანამორწმუნეებთან ერთად ჩვენც გვახარებს, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანის ყურამდე აღწევს ღვთის სიტყვაში ჩაწერილი „მარადიული სასიხარულო ცნობა“ და მათაც ეძლევათ შესაძლებლობა, განადიდონ იეჰოვა (გამოცხადება 14:6, 7).